საშუალო სტატისტიკური ევროპელი წელიწადში 131 კილოგრამ საკვებს ყრის. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო „ევროსტატი“ ავრცელებს.
საკვების ნახევარზე მეტი (70 კილოგრამი) სახლებში, ნაგვის ურნებში ხვდება. დანარჩენი ნარჩენები კაფეებში, სუპერმარკეტებსა და საწარმოებში გროვდება.
ყველაზე მეტ საკვებს ბელგიაში (თითო ადამიანი 262 კილოგრამს) ყრიან, მეორე ადგილზეა დანია (230კგ) და მესამეზე – პორტუგალია (181 კგ). რეიტინგის მეორე ბოლოში მოექცა სლოვენია (68 კგ), ხორვატია (71 კგ) და შვედეთი (86 კგ). რეიტინგში არ არის გათვალისწინებული მონაცემები ჩეხეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, კვიპროსიდან, მალტიდან და რუმინეთიდან.
ევროპას სურს, რომ საკვები ნარჩენები მაქსიმალურად შეამციროს და ამისთვის სპეციალური კანონპროექტიც შეიმუშავეს. სიახლის მიხედვით, წევრი სახელმწიფოები ვალდებული იქნებიან, რომ 2030 წლისთვის მაღაზიებში, რესტორნებსა და სახლებში გადაყრილი საჭმლის რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 30%-ით შეამცირონ.