LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფახთაქორი, ვან გაალი, რობინიო, კრუიფი… შოთა არველაძის წარმატების საიდუმლო

83
8df3e3df711eb93f4d03e1d88bea4

Sports.ru-მ შოთა არველაძესთან ვრცელი ინტერვიუ მოამზადა, თუმცა ჯერ მხოლოდ მისი პირველი ნაწილი შესთავაზა მკითხველს. ინტერვიუს ქართული ვერსია მცირეოდენი შემოკლებით გულშემატკივრებს “ლელომ” შესთავაზა.

– როგორია თქვენი განწყობა – მეორედ მოიგეთ უზბეკეთის ჩემპიონატი…

– განწყობა კარგია. უბრალოდ, არსებობს რამდენიმე კითხვის ნიშანი. ეს კითხვის ნიშნები უფრო წლის ბოლოსთვის ჩნდება ხოლმე. უნდა დავფიქრდეთ, როგორი იყო გასული წელი, როგორ გავიარეთ ის და რა იქნება მომავალ წელს. მთლიანობაში ყველაფერი კარგადაა. ეს რთული წელი იყო და ჩვენი ჩანაფიქრი ბოლომდე მივიყვანეთ – ოთხი ტურით ადრე მოვიპოვეთ უზბეკეთის ჩემპიონობა. დიდი იმედი მაქვს, გუნდი წარმატებით ითამაშებს უზბეკეთის თასზეც. მჯერა, კონცენტრირებულები იქნებიან ბოლომდე, მერე კი შევხვდებით ახალ წელს…

– როცა უზბეკეთში მიდიოდით სამუშაოდ, წარმატებების გჯეროდათ?

– მე ხომ “ფახთაქორში” ჩამოვედი სამუშაოდ!.. ვიცოდი, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ეს იყო დიდი ისტორიის მქონე კლუბი… აი, როგორც “ბაიერნი” ყოველთვის “ბაიერნია”, “ბარსელონა” ყოველთვის – “ბარსელონა”, “სპარტაკი” ყოველთვის – “სპარტაკია” და თბილისის “დინამოც” ყოველთვის თბილისის “დინამოა”. სანამ წავიდოდი სამუშაოდ, ანალიზი გავაკეთე და მივხვდი, რომ კლუბს არ ჰყოფნიდა რგოლებს შორის კავშირი…

– თქვენზე არ იქონია გავლენა იმან, რომ სანამ ჩაიბარებდით, “ფახთაქორი” ცხრილის შუაში იყო?

– დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც გულით არ კეთდებოდა. არავის დადანაშაულება არ მინდა, მაგრამ “ფახთაქორი” სახალხო გუნდია, ის ყველას უყვარს და ყველა აფასებს, ის კულტურის ნაწილია… ქვეყნისაც. როგორც არ შეიძლება საქართველოს წარმოდგენა თბილისის “დინამოს” გარეშე, ასევეა “ფახთაქორი” – უზბეკეთისთვის.

– გაიხსენეთ ის დღე, როცა ტაშკენტიდან წინადადება მიიღეთ…

– ბავშვები გაიზარდნენ. მე სულ მუშაობა მიწევს. შევპირდი მათ, რომ რომსა და ფლორენციაში წავიყვანდი წლის ბოლოს. გამოჩნდა დრო, რომელიც შემეძლო ოჯახთან ერთად გამეტარებინა. ჩავფრინდი რომში, გამოვდივარ აეროპორტიდან, ვრთავ ტელეფონს და ზარი – “გამარჯობა”, მეუბნებიან ტელეფონში… თვით ფარხად მოშირიმ (ირანული წარმოშობის ბრიტანელი ბიზნესმენი, რომელიც “ევერტონში” 72 პროცენტს ფლობს – რედ) დამირეკა. შემდეგ ყურმილი გადასცა ყურმილი ალიშერ ბურხანის ძეს (ალიშერ უსმანოვი – უზბეკეთში დაბადებული რუსი ბიზნესმენი, მეტალურგიის მაგნატი, “არსენალის” ყოფილი მეწილე – რედ).

– რამდენად დიდია ალიშერ უსმანოვის როლი “ფახთაქორში”?

– “ფახთაქორში” არა, ამ ქვეყანაში…

– რამდენად იქონია გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე ფინანსურმა ფაქტორმა?

– იმდენივეს ვიღებ “ფახთაქორში”, რამდენსაც ვიღებდი თურქეთში. ამდენად, ფულის თემა არ არის ჩემთვის მთავარი. მე მომეწონა იმ ხალხის მიდგომა, ვინც პასუხისმგებელია კლუბის განვითარებაზე. ამ ხალხმა “ფახთაქორის” დიდ ოჯახში მიმიღო. ამაში ნათლად დავრწმუნდი ალიშერ უსმანოვთან პირველი შეხვედრის შემდეგ. მაშინ კლუბში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ფინანსები არ არის მნიშვნელოვანი, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გერმანიაში და ესპანეთშიც რომ ვიმუშაო, ჩემთვის მთავარი ფული არ იქნება. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და სადაც ვმუშაობ, ვცდილობ, შევითვისო იმ ქვეყნის კულტურა, ჩავუღრმავდე ნიუანსებს… ჩემს ასაკში ვეღარ შევიცვლები. ვიღაცისთვის ბევრს მივაღწიე, ვიღაცისთვის – არა. როგორც ვიცხოვრე, ისევე ვიცხოვრებ. გემოვნება, ეთიკა და მორალი არ იცვლება. მადლობა მშობლებს და ბებია-ბაბუას, რომ ასე გამზარდეს!..

– რომ შევაჯამოთ ეს თემა – “ფახთაქორის” ალტერნატივა არსებობდა?

– კი, იყო წინადადებები თურქეთიდან, საუდეთიდან, ჰოლანდიიდან… ოღონდ, არა – “აიაქსიდან” (იცინის).

– რაც შეეხება სამზარეულოს…

– აქამდე, ასეთი მდიდარი მხოლოდ ქართული სამზარეულო მეგონა. რა თქმა უნდა, მსმენოდა ამის თაობაზე, მაგრამ მაინც გამიკვირდა. მსმენოდა ბუხარისა და სამარყანდის თაობაზეც, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ისინი რომისა და ათენის ტოლი იქნებოდნენ. არ ვიცოდი, თუ ტაჯ-მაჰალი უზბეკების აშენებული იყო. ამ სტადიონზე 1964 წელს თბილისის “დინამომ” მოსკოვის “ტორპედოს” მოუგო და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მე მსიამოვნებს, რომ ჩემი ქვეყნის შესახებ აქ ბევრი კარგი მესმის. ბევრი კეთილი ადამიანი ვნახე აქ და ბევრი პოზიტივი შევიძინე…

– …და მინუსის კუთხით რამ გაგაკვირვათ?

– როცა რამე არ მომწონდა და მიზეზს ვიკითხავდი, მეუბნებოდნენ – რას იზამ, ეს უზბეკეთიაო!.. არ მესმის ამ პასუხის არსი. ეს ხომ უდიდესი ისტორიის ქვეყანაა, რომელიც წარსულში ნახევარ მსოფლიოს მართავდა…

– თქვენ საბჭოთა პერიოდის მიწურულს დაიწყეთ თამაში. როგორი შეგრძნებაა, როცა თამაშობ ერთ ჩემპიონატში და უცბად აღმოჩნდები მეორეში?

– აი, თქვენ 29 წლის ხართ. არ გიცხოვრიათ ეპოქაში, როცა ლენინი იყო ყველაფერი. იყო სტალინი… და ერთ დღეს შენ გეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი იყო არასწორი. არ იცვლებოდა პრიორიტეტები, ჩვენი ოცნება იყო თბილისის “დინამოში” თამაში. რა იყო საბჭოთა კავშირი? იყო ერთი სალარო. მერე მოსკოვმა დედაქალაქის სტატუსი დაკარგა და მიდი და ითვალე კუპონები… ქართველები კარგი ხალხი ვართ, კარგი შვილები, შვილიშვილები… ცოტა ამაყები და ძალიან კეთილები…

– საბჭოთა დროს “დინამო” ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი იყო, ახლა კი ასე აღარ არის…

– ქართველებმა ყველა ტურნირი მოიგეს. 1972 წელს ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები. ორი წელი ზედიზედ NBA-ს ჩემპიონი იყო ზაზა ფაჩულია… ჩვენ ძიუდოშიც დიდი წარმატებები გვაქვს. გუნდურ სახეობებში ყოველთვის ძნელია. აქ ფული გჭირდება…

– ამბობენ, რომ თავის დროზე საქართველოს ნაკრების გაწვრთნა შემოგთავაზეს…

– კი, იყო ასეთი შემთხვევა.

– რატომ არ დათანხმდით?

– პირველი შეთავაზებისას ახალი დასრულებული მქონდა კარიერა. მაშინ მე მქონდა ორი არჩევანი – ან გავმხდარიყავი ლუის ვან გაალის ასისტენტი, ან გამეწვრთნა საქართველოს ნაკრები. მიმაჩნია, რომ სწორი გზა ავირჩიე. მაშინ ნაკრებში ჩემი მეგობრები თამაშობდნენ. როგორ ვეტყოდი მათ, თერთმეტზე დაიძინეთ, შუქი ჩააქრეთ დროზე, კარტი არ ითამაშოთ-მეთქი?!. მე ვისწავლე ისეთი დიდი მწვრთნელებისგან, როგორებიც არიან ვან გაალი, ადვოკაატი, კუმანი…

– ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრები ახლოს იყო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან. რატომ ვერ მოხვდა საქართველო ევროპის, ხოლო უზბეკეთი – მსოფლიოს ჩემპიონატზე?

– ყველაფერს ისე არ ვაკეთებთ, როგორ საჭიროა. არც გვიმართლებს, მაგრამ მთავარი ეს არ არის. სულ რაღაც შეთქმულებებში ვართ, გვინდა, ვიღაცას დავაბრალოთ… ღმერთი ხედავს ყველაფერ ამას.

– რამე არასპორტული პრობლემა გაქვთ მხედველობაში?

– თუ ათი წლის განმავლობაში იდგმება არასწორი ნაბიჯები, შენ კი აგრძელებ მათ, როგორ შეიძლება, გაიმარჯვო? შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მაკედონიამ კარგად ითამაშა, თქვენ ნაკრებს ირანთან ჰქონდა პრობლემები… რაში მაინტერესებს მე, რა ხდება მაკედონიაში?!. მე მაინტერესებს, რა ხდება ჩემს ნაკრებში.

– რამდენად სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ თქვენს 11-ნომრიან მაისურას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში აღარავინ ჩაიცვამს?

– არ დავმალავ, სასიამოვნო იყო. და მაინც, იმავე დღეს ვთქვი – არა. თუ “ცხრიანი”, “ათიანი” და ასე შემდეგ არ იქნება ნაკრებში, მაშინ ვის სჭირდება ასეთი ნაკრები? ჰოკეი რომ იყოს და მე ვიყო ქართველების გრეცკი და ლემიე, მაშინ მშვიდად შევხვდებოდი ამას…

– 90-იან წლებში საქართველოდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა საზღვარგარეთ. თქვენ როგორ გამოგიჩნდათ “ტრაბზონსფორის” ვარიანტი?

– ახლა 400-მდე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს საზღვარგარეთ, მაგრამ მე ვერ ვხედავ ქართველ ფეხბურთელს “აიაქსში” და “მანჩესტერ სიტიში”. ადრე სხვანაირად იყო. ქინქლაძე “სიტიში” რომ თამაშობდა, მერე კიდევ ოთხმა ქართველმა ითამაშა იქ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები