30 ნოემბერს „ფარმადეპომ“ სასტუმრო „რუმს თბილისში“ პრეს-კონფერენცია გამართა. შეხვედრაზე კომპანიამ ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სანდოს“ წარდგენა და ვებგვერდის ტექნიკური პრეზენტაცია გამართა.
პლატფორმა SANDO.COM.GE არის საგანმანათლებლო პორტალი – გამჭირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე.
აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელი ქეთი კოზმანაშვილი საუბრობს. „ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც სრულად ორიენტირებულია ჩვენს თანამოქალაქეებზე. ჩვენ შევქმენით პლატფორმა – SANDO.COM.GE, რომელიც წარმოადგენს მედიკამენტების საძიებო სისტემას და მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა პრეპარატს. კერძოდ, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მათთვის სასურველი მედიკამენტების, მისი გენერიული დასახელებების, მწარმოებელი ქვეყნებისა და ფასების შესახებ. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია მედიკამენტის ფასის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ საიტზე წარმოდგენილია მედიკამენტების ძირითადი ფასები, კერძოდ არ არის გათვალისწინებული ქსელში არსებული ფასდაკლებები და სააქციო ფასები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პაციენტები შეძლებენ, მოახდინონ მათთვის სასურველი ფასის და ხარისხის მქონე წამლის შერჩევა იგივე გენერიული დასახელების ჭრილში, რაც იძლევა ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. პლატფორმა სრულიად ორიენტირებულია ცნობიერების ამაღლებაზე და ჩვენი თანამოქალაქეების ინფორმირებულობაზე. ზოგადად, წამლის მოქმედებას განსაზღვრავს მისი აქტიური ნივთიერება, იგივე გენერიული დასახელება. მედიკამენტის ძიების პროცესი ძალიან მარტივია, საჭიროა მხოლოდ საძიებო ველში ჩაიწეროს სასურველი, ან ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების დასახელება და დოზა. გამოჩნდება ცხრილი, სადაც მოცემულია სხვადასხვა მწარმოებელი ქვეყნისა და ბრენდული დასახელების მედიკამენტები, რის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მათი ერთმანეთთან შედარება.
მიღებული მონაცემებით, მომხმარებელი იღებს სასარგებლო ინფორმაციას, რომ მედიკამენტებს შესაძლებელია ჰქონდეს ზუსტად იგივე აქტიური ნივთიერება, ხოლო მათი ფასი და მწარმოებელი ქვეყანა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მიგვაჩნია, გენერიული სპექტრის მედიკამენტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხარჯთეფექტური ნაბიჯია ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან ხარისხიანი გენერიკების მოხმარება ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიღებული და დამტკიცებული ფორმაა,“- განაცხადა ქეთი კოზმანაშვილმა.
https://www.youtube.com/watch?v=w4c5fTygCiE