LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა 30-დან 40 ლარამდე დაგიჯდებათ – რატომ გაძვირდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და როგორ შეიძლება დარეგულირდეს ტარიფები

318
ing

გარკვეული მიმართულებებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაძვირდა. როგორც ავტოსადგურებში აცხადებენ, ტარიფის მატება ქვეყანაში ფასების მატებამ, პირველ რიგში კი, საწვავის ფასების ზრდამ გამოიწვია.

“ფორტუნა” დაინტერესდა, რა ღირს მგზავრობის საფასური, თბილისიდან, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით.

როგორც დიდუბის ავტოსადგურ “ნიგეში” განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობის საფასური, დაახლოებით 15-20 დღის წინ, 5 ლარით გაიზარდა:

” ეს გამოიწვია საწვავის ფასების ზრდამ, მაგრამ ჩვენთან ასე არ გაძვირებულა. ჩვენი მიმართულება – თბილისი-ბათუმი ღირდა 25 ლარი, გახდა 30 ლარი, იმიტომ, რომ საწვავი გაძვირდა. დაახლოებით 15-20 დღის წინ გაძვირდა, საწვავის გაძვირებასთან ერთად. ეს ეხება მიკროავტობუსებსაც და მინი-ვენებსაც”, – აცხადებენ ავტოსადგურში.

კიდევ ერთ კომპანიაში, “მეტრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ბათუმის მიმართულებით მგზავრობის საფასური 40 ლარი გახდა.

“ჩვენი სატრანსპორტო კომპანია თბილისიდან ბათუმის და თურქეთის მიმართულებით ახორციელებს რეისებს. თბილისიდან-ბათუმის მიმართულებით არის 40 ლარი. უკვე ორი თვეა რაც 40 ლარი გახდა.

ყველაფრის ფასი გაიზარდა და, შესაბამისად, საწვავის ფასიც გაიზარდა და ტარიფიც.

გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში, კომპანია იღებს. იგეგმება თუ არა ტარიფის კიდევ ზრდა, ამაზე ვერაფერს გეტყვით”, – აცხადებენ კომპანიაში.

“ფორტუნა” ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაეროს ექსპერტს გელა კვაშილავას ესაუბრა. როგორც კვაშილავამ აღნიშნა, ფასების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც ორი ფაქტორით არის განპირობებული:

“ფასების მატებას ორი ფაქტორი განსაზღვრავს – ერთი ის, რომ ზაფხულის სეზონია და მოთხოვნაა, მეორე და მთავარი ფაქტორი კი ის არის, რომ საწვავის ფასი გაიზარდა.

როდესაც მოთხოვნა და საწვავის ფასი იზრდება, ბუნებრივია, კომპანიებს საკუთარი ხარჯი აქვთ, ძირითადად სწორედ საწვავის ფასზეა დამოკიდებული, რაც შეეხება ტარიფის პროცენტულ ზრდას, ამას ვერ განსაზღვრავ, ეს ხომ კომპანიაზეა დამოკიდებული და ასევე მიმართულებაზე.

განსაკუთრებით იზრდება იმ მიმართულებებით, სადაც მოთხოვნა დიდია, მაგალითად, ბათუმში და ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა, გარკვეული ოპერატორები ფასებს ზრდიან”, – განუცხადა კვაშილავამ “ფორტუნას”.

კითხვაზე, როგორ შეიძლება დარეგულირდეს მგზავრობის ტარიფი, გელა კვაშილავა აცხადებს, რომ ეს გარე ფაქტორებსა და საწვავის ტარიფზეცაა დამოკიდებული:

“საწვავის შემოტანასთან დაკავშირებით იმოქმედა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, იმპორტიც გაძვირდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რაც უფრო მალე შეწყდება ომი, ეს გარე ფაქტორებზეც არის დამოკიდებული.

ფასები არა მხოლოდ სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტზეც გაძვირდა, ძირითადად სეზონსაც უკავშირდება, კიდევ იმას, რომ კოვიდის შემდეგ გადაადგილება აქტიური გახდა”, – აცხადებს კვაშილავა.