LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფედერიკა მოგერინის განმარტება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალის დასკვნაზე

104
mogerini

აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership – EaP) ინიციატივას 10 წელი შეუსრულდა. 10 წლისთავთან დაკავშირებით საერთო საიუბილეო განცხადება არ გამოქვეყნებულა. გამოქვეყნდა მინისტერიალის თავმჯდომარის, ფედერიკა მოგერინის სახელით დასკვნითი განცხადება, რომელიც რვა პუნქტისგან შედგება. მასში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობა და საუბარია პროგრამის გაგრძელების შესახებ.

ამასთან, დასკვნაში ექვსი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები ნახსენები არ არის. მოგერინის განმარტებით, ექვსი ქვეყნიდან თითოეულს განსხვავებული ევროპული მისწრაფებები აქვს. სწორედ ამიტომ, მინისტერიალის დასკვნითი განცხადება განსხვავდებოდა ასოცირების შეთანხმების ტექსტისგან.

მოგერინიმ აღნიშნა, რომ 13 მაისის მინისტერიალი უფრო მეტად ფოკუსირებული იყო მიღწეული შედეგების შეჯამებაზე, ვიდრე სამომავლო პერსპექტივაზე.

„თქვენ ნახეთ თავმჯდომარის დასკვნა, მუშაობის შეჯამება. ეს არის მეათე წლისთავი, ეს არის ზეიმი. მიზანი იყო, შეგვეჯამებინა ყველა პოზიტიური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში შევძელით. ის ფოკუსირებული იყო უფრო იმაზე, თუ რისი მიღწევა შევძელით დღემდე, ადამიანების ცხოვრებისთვის პარტნიორობის მნიშვნელობაზე და უფრო ნაკლებად იყო ფოკუსირებული სამომავლო პერსპექტივაზე.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს 2020 წლამდე ჯერ კიდევ შესასრულებელი 20 ამოცანა. 2020 წელი ძალიან ახლოსაა. ასე რომ, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამაზე. აშკარაა, რომ ნებისმიერი შემდეგი დისკუსია სამომავლო პერსპექტივის შესახებ გაიმართება ევროკავშირში მომავალი საინსტიტუციო ცვლის შემდეგ. თქვენ იცით, რომ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებიდან სამს აქვს ასოცირების შეთანხმება, სამს კი არა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივისცემა გამოვიჩინოთ და შევინარჩუნოთ ექვსი პარტნიორის ეს ფორმატი. ამიტომ, მე არ მიკვირს განსხვავებული ფორმულირებები ასოცირების შეთანხმებებსა და იმ დეკლარაციებსა და განცხადებებში, რომლებსაც ვაქვეყნებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამგვარი შეხვედრების შემდეგ, რადგან ამგვარი შეხვედრები აერთიანებს ექვს პარტნიორს, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან.

თითოეული პარტნიორი ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული მათგანი იმსახურებს პატივისცემას. ევროკავშირის მხრიდან ეს პატივისცემა გამოიხატება ევროკავშირთან მათ ურთიერთობებში არსებული მისწრაფებების დიფერენციაციით. ექვსი პარტნიორის მისწრაფებები ძალიან განსხვავებულია, ჩვენ გვსურს რომ ყველა მათგანმა თავი იგრძნოს კომფორტულად ჩვენთან თანამშრომლობისას“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციისას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა არის ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატი მის აღმოსავლეთ მეზობელ 6 ქვეყნასთან – საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და უკრაინასთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g