დღეს სასტუმრო „სტამბაში“ ფილმ „არენას“ პრემიერა გაიმართა. „არენა“ პირველი ინტერაქტიული კინო-თამაშია, რომლის რეჟისორიც დავით ბორჩხაძეა. ფილმის ოპერატორი კი ამერიკის კინოაკადემიის წევრი გიორგი შველიძეა. ფილმი JWT Metro-მ გადაიღო.
ფილმს მთელი ზაფხულის განმავლობაში წყალტუბოში, ნატახტარსა და თბილისში იღებდნენ.
ფილმში ცნობილ სახეებთან და ქართველ მსახიობებთან ერთად, ბრაზილიელი რივალდოც მონაწილეობს. მთავარ როლში გივიკო ბარათაშვილი და სლავა ნათენაძე არიან. ფილმში, ასევე, მონაწილეობენ: ჯამლეტ ხუხაშვილი, მარიტა ჯანაშია, ნანა შონია, აჩი არველაძე, სანდრო კაკულია, ქრისტინე იმედაძე, ანანო კეკელია, ლაშა ნამორაძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი ცინცაძე, ივანე ქურასბედიანი, ია მღებრიშვილი და სხვები.
„არენა“ სათავგადასავლო ჟანრის კინო-თამაშია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. მაყურებელი თავიდანვე ერთვება ფილმის სიუჟეტში და თვითონ ხდება ერთ-ერთი მთავარი გმირი. მაყურებელს ისე შეუძლია შეცვალოს სიუჟეტი და მართოს თამაში, როგორც სურს.
ფილმისთვის ცნობილი მუსიკალური ნომრის „ტანგოს“ ადაპტაცია სტეფანემ შეასრულა. კინო-თამაშისთვის მუსიკალური თემების შექმნა და ხმის რეჟისურა Post Red-ს ეკუთვნის.
„არენას“ ნახვა პრემიერის შემდეგ ყველასთვის ხელმისაწვდომი www.arena.ge-ზე იქნება.