საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, – აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემის პრობლემები. ამგვარ გამოწვევებზე საპასუხოდ ყველაზე საუკეთესო, რაც მსოფლიოში გამოიგონეს, არის მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემა. სწორედ ეს არის ის, საითკენაც უნდა წავიდეთ ჩვენც. ბუნებრივია, ეს სისტემა გულისხმობს არსებული საბაზისო, უნივერსალური სვეტის შენარჩუნებასა და მნიშვნელოვნად გაძლიერებას. მრავალსვეტიანი სისტემის მთავარი მიზანი იყო და არის, ფისკალურად მდგრადი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო შემოსავლებს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრმა ხაზი გავუსვა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის გავლენას ეკონომიკის განვითარებაზე. მაჭავარიანის განცხადებით, რეფორმას ექნება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი. კერძოდ, ეკონომიკური ზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, პროდუქტიულობის ზრდა, საგარეო მოწყვლადობის შემცირება, შრომის ბაზრის ფორმალიზება, რესურსების უფრო ეფექტიანი გადანაწილება, კორპორატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება, გრძელვადიანი დანაზოგებისა და გრძელვადიანი კაპიტალის შექმნა.