საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ლ.კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინარის თანამდებობაზე მუშაობდა და სხვა მოვალეობებთან ერთად, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფდა ცხოველის აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისათვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, ლ.კ.-მ ერთ-ერთ დაინტერესებულ პირს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა, ჯამში, 650 ლარი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.