ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) თანახმად, საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა.
2023 წლის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, თითქმის 100 მბ/წმ-ია, როცა საქართველოში 26.60 მბ/წმ, რაც ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული.
საქართველო ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მიხედვით რეგიონში ჩამორჩება, როგორც რუსეთს (58 ადგილი – 85.15 მბ/წმ.), სომხეთს (96 ადგილი – 49.86 მბ/წმ), ისე თურქეთს (109 ადგილი – 39.78 მბ/წმ), და აზერბაიჯანს (115 ადგილი – 35.25 მბ/წმ).
კვლევის მიხედვით, ფიქსირებულ ინტერნეტზე მაღალი სიჩქარით პირველ სამეულში სინგაპური (270.62 მბ/წმ.), ჰონგ კონგი (266.63 მბ/წმ.) და მონაკო (264.97 მბ/წმ.) არიან, ხოლო მობილურ ინტერნეტზე ყველაზე მაღალი სიჩქარე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (303.21 მბ/წმ.), ყატარს (244.44 მბ/წმ) და კუვეიტს (183.83 მბ/წმ.) აქვთ.
რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყნიდან 37.78 მბ/წამიანი მობილური ინტერნეტის სიჩქარით 66-ე ადგილი დაიკავა.
მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს (59 ადგილი, 43.80 მბ/წმ.) ჩამორჩება, ხოლო თურქეთს (69 ადგილი – 36.10 მბ/წმ), სომხეთს (92 ადგილი – 26.43 მბ/წმ.) და რუსეთს (99 ადგილი – 24.47 მბ/წმ.) უსწრებს.