საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი ლარის დევალვაციას თურქული ლირას გაუფასურებას უკავშირებს და განმარტავს, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, Fitch Ratings-ი საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, არსებული ვითარების გათვალისწინებით, დადებითად აფასებს, თუმცა ეკონომიკის ზრდაზე წნეხის ალბათობას ხედავს.
”სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აჩვენებს მთავრობის მზადყოფნას შეამციროს ლარის გაუფასურების რისკები და გაზარდოს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა”, – აღნიშნავს Fitch-ი და წერს, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გასულ კვირას 25 საბაზისო პუქტით 6.75%-მდე გაზარდა და ინფლაციის ზრდის რისკზე მიანიშნა, რაც ლარის გაუფასურებით და აქციზის გაზრდით არის განპირობებული.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სებ-ის მზადყოფნა გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა სუსტი მოთხოვნისა და ფასებზე ზრდის ფონზე აჩვენებს, რომ ესაა ერთგვარი პრევენცია მოსალოდნელი რისკებისგან, რომელიც შესაძლოა ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვიოს“, – აღნიშნავს სააგენტო და წერს, რომ სებ-მა დოლარიზაციის შესამცირებლად ადგილობრივ ვალუტაში სესხების ნებაყოფლობითი კონვერტაციის პროგრამა დაიწყო.
Fitch-ი საქართველოს სუვერენულ რეიტინგს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით “BB-” დონით აფასებს, პროგნოზით “სტაბილური”. შემდგომ მიმოხილვას კი სარეიტინგო სააგენტო 24 მარტს გამოაქვეყნებს.