LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენციაში Airbnb-ის საქმიანობას ზღუდავენ

183
Florence

ფლორენციის ხელისუფლება ქალაქის ისტორიულ ცენტრში ბინების მოკლე ვადით გაქირავების აკრძალვის შესახებ კანონს განიხილავს. მიზეზად აღნიშნული ტერიტორიის ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლა სახელდება.

ფლორენციის მერის დარიო ნარდელას თქმით, ბინების მოკლევადიანი გაქირავებების 75%-ი სწორედ ფლორენციის ცენტრზე მოდის, რომელიც რენესანსის აღმოცენების ადგილი იყო და  დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

კანონის მიღების შემთხვევაში, ბინების ონლაინ გაქირავების ისეთ მსხვილ პლატფორმას, როგორიცაა Airbnb-ი, ფლორენციაში საქმიანობა მნიშვნელოვნად შეეზღუდება. არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ბინის მეპატრონეებიც, თუმცა ქალაქის თავის თქმით, ისინი, ვინც Airbnb-ის მეშვეობით გრძელვადიან კონტრაქტებს გააფორმებენ, ქონების გადასახადისგან სამი წლის განმავლობაში გათავისუფლდებიან. ამასთან, ბინის 30 დღეზე ნაკლები ვადით გაქირავება მასპინძელთან ერთად ცხოვრების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კანონის დაანონსებისთანავე ფლორენციელებმა გასაქირავებლად ოფიციალურად 4000-მდე ბინა დაარეგისტრირეს, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც მანამდე ქონების გადასახადისთვის თავიდან არიდების მიზნით არალეგალურად ქირავდებოდა.

Airbnb-ის წარმომადგენელმა აღნიშნულ რეგულაციაზე CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ მათი კომპანია პატივს სცემს იტალიის ამ გამორჩეული ქალაქის მემკვიდრეობას და მზადაა გამოწვევებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ფლორენცია პირველი ქალაქია, რომელიც Airbnb-ის ისტორიულ უბანში ზღუდავს, ისე კი, კულტურული მემკვიდრეობით დატვირთულ ქალაქებში ბინების მოკლევადიანი გაქირავების შესახებ კანონის გამკაცრების სურვილს ბოლო დროს პორტუგალიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც გამოთქვამენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები