ფონდ იავნანას დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ფონდ “იავნანას” წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმება.
„საქმე ის არის, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და ჩადიან იმ ოჯახებთან, რომლებსაც ფონდი დაეხმარა. მინდა მივმართო ყველას, არც ფონდი და არც მე თქვენთან ინტერვიუსთვის, ან რაიმე საკითხთან დაკავშირებით არავის ვაგზავნით”,- აღნიშნა ბურჭულაძემ
ბურჭულაძე მოუწოდებს საქართველოს პრემიერს, რომ ვიდრე ფონდი სრულფასოვან ფუნქციონირებას აღადგენს, დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომელთა დახმარებასაც „იავნანა” გეგმავდა.
პაატა ბურჭულაძემ ბენეფიციარების სიასთან ერთად პრემიერს 25 ოქტომბრის საქველმოქმედო კონცერტის მოსაწვევები გაუგზავნა. მისი თქმით, 25 ოქტომბრიდან „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. ამ დღეს ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობით, საქველმოქმედო კონცერტი ქართველი მევიოლინეს ვატო მაღრაძის დასახმარებლად გაიმართება.
ბურჭულაძეს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც მოუწია კითხვებზე პასუხის გაცემა. როგორც მან თქვა, პროკირატურის წელიწადნახევრიანი დუმილი ნიშნავს იმას, რომ მათ იავნანას წინააღმდეგ არაფერი აქვთ.
“გაფლანგვას და ხარჯების არამიზნობრიობას მე კი არა თავად პროკურატურა უარყოფს. გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ეს ჩაეთვლება კარგ საქციელად” – განაცხადა ბურჭულაძემ.
პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა თეონა ბჯორბენაძემაც. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ფონდის და პაატა ბურჭულაძის ფრენები ფინანსდებოდა მიზნობრივი პროექტებისთვის.
“ამ ფონდში არ არსებობს არანაირი დარღვევა. თუკი ამაზე საუბრობს პროკურატურა, მაშინ გამოვიდნენ და თქვან რა დარღვევა არსებობს ამ ფონდში, ან მოიხადონ ბოდიში” – განაცხადა თეონა ჯორბენაძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას” ხელმძღვანელი პირების მიერ ფულადი სახსრების შესაძლო არამოზნობრივ გაფლანგვასთან დაკავშირებით გასულ წელს დაიწყო.
მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა” 2004 წელს დააფუძნა.
2006 წელს გაერომ პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა.


