ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ინფორმაციას დამწვრობის ცენტრში ადასტურებენ.
როგორც რადიო “ფორტუნასთვის” გახდა ცნობილი, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა.
დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბენები აქვთ დამწვარი. ასევე, მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.
„44 წლის მამაკაცმა სხეულის 65% დამწვრობა მიიღო, 24 წლის მამაკაცმა 50%-ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან,“ – აღნიშნავენ ცენტრში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს ცოტა ხანში კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა ბოხუა მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა, შედეგად სამი სართული დაზიანდა. აფეთქება მე-3 სართულზე მოხდა, სადაც არავინ იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაშავდა მე-2 სართულის ბინაში მცხოვრები სამი პირი.