პიკაპმა Ford F-450 Super Duty-მ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ავტომობილმა ფლორიდაში მდებარე Homestead Miami Speedway-ს ტრეკზე აშშ-ს გიგანტური დროშა გადაიტანა. მიღწევა გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად დაფიქსირდა, როგორც: ”ყველაზე დიდი დროშა, რომელიც მოძრავ სატრასპორტო საშუალებაზეა მიმაგრებული”.
რეკორდი 6,7 ლიტრიანი ტურბო დიზელის ძრავით აღჭურვილმა პიკაპმა დაამყარა, რომელიც 440 ცხენის ძალას ავითარებს. დროშის ზომა, რომლისთვისაც სატვირთო ნაწილში სპეციალური სამაგრი სისტემა დამონტაჟდა, 383 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.
”Ford”-მა ”Chevrolet”-ს რეკორდი მოხსნა, რომელიც 2016 წლის სექტემბერში დამყარდა. Chevrolet Silverado HD-მ Texas Motor Speedway-ს ტრეკზე გადაიტანა დროშა, რომლის ზომაც 300 კვადრატულ მეტრს აღწევდა.
ახალი რეკორდის რეგისტრაციისთვის საჭირო იყო ავტომობილს დროშით 100 მეტრი მაინც გაევლო. ამასთან, ქსოვილი ერთხელაც არ უნდა შეხებოდა მიწას. გინესის რეკორდების წიგნის კომისიამ 108-მეტრიანი დისტანცია დააფიქსირა.