ლონდონის ,,ალბერტ-ჰოლში”, The Fashion Awards გაიმართა. საინტერესოა, რომ ბრიტანეთის მთავარ მოდურ მოვლენას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო.
ბუნებრივია, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილამდე ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს და შთამბეჭდავი ლუქებით საზოგადოებას წარუშლელი შთაბეჭდილებები დაუტოვეს.
საღამოს მთავარი ჯილდოს, ,,წლის დიზაინერის” ნომინაციაში გამარჯვებული პიერპაოლო პიჩოლი (,,ვალენტინო”) გახდა.
,,წლის მოდელად” სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერი დასახელდა. ,,საუკეთესო აქსესუარების დიზაინერად” დემნა გვასალია ,,ბალენსიაგასთვის” აღიარეს. ,,წლის ბრენდის” წოდება მიიღო ,,გუჩიმ”.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორია ბექჰემს, რომელიც სახელობითი ლეიბლით ,,ქალის ტანსაცმლის საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერის” ნომინაციაში წარადგინეს, პრემია ,,ჟივენშის” არტ-დირექტორმა, კლერ ვეით კელერმა დაათმობინა.
,,მამაკაცის ტანსაცმლის წლის ბრიტანელ დიზაინერად” ცნეს კრეიგ გრინი.
The Fashion Awards 2018-ის სხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა სია ასეთია:
,,მამაკაცის ტანსაცმლის წლის ბრიტანელი დამწყები დიზაინერი” – სემუელ როსი (A-COLD-WALL*)
,,ქალის ტანსაცმლის წლის ბრიტანელი დამწყები დიზაინერი” – რიჩარდ ქუინი (,,რიჩარდ ქუინი”)
ბიზნეს ლიდერი – მარკო ბიზარი (,,გუჩი”)
ურბანული მაღალი კლასის ბრენდი – Off-White
Swarovski-ს სპეციალური ჯილდო პოზიტიური ცვლილებებისთვის – ვივიენ ვესტვუდი
შეგახსენებთ, რომ პრესტიჟულ მოდურ დაჯილდოებას თავისი მნიშვნელობით, ე.წ. ბრიტანულ ,,ოსკარებს” უწოდებენ.