სულ მალე საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ახალი სეზონის, And Just Like That პრემიერა შედგება. მისი ოფიციალური თრეილერი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ახალ სეზონში შესაძლოა ქართველმა ვარსკვლავმა, იუნა შაფათავამ მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან გამოცემა OK! Magazine Georgia-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ის სერიალში ტექსტის გარეშე გამოჩნდება.
„როდესაც გამოხმაურება მივიღე, მაინც მოულოდნელი იყო, ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, აყვანილი ვიყავი თუ არა. დიდი სურვილი კი მქონდა, დიდი როლი მიმეღო, მაგრამ ეს ე.წ. background როლია, რაც ნიშნავს სერიალში ტექსტის გარეშე გამოჩენას. რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ მკითხველებს, ეს არის სარა ჯესიკა პარკერი. დიახ, გამიმართლა და მე ის ვნახე“, – ჰყვება იუნა.
იუნას ინტერვიუში ეპიზოდის დეტალები არ გაუმხელია, ის არც ფოტოებს ავრცელებს, ამას შაფათავა იმით ხსნის, რომ გადასაღებ მოედანზე ფოტოების გადაღების უფლება არ ჰქონდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ სერიალის პრემიერას, რომელიც 9 დეკემბერს შედგება.