LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნა პლუსი“ 25 წლის გახდა – ემოციები, პირველი ეთერი და ერთი რადიოს მრავალწლიანი ერთგულება – როგორ ხვდება ახალ სეზონს უახლესი ჰიტების ტალღა

1695
www.fortinaplus.ge (1)

ზუსტად 25 წლის წინ, 1-ელ სექტემბერს, ქართულ FM სივრცეს უახლესი ჰიტების ტალღა შეემატა. „ფორტუნა პლუსი“ უკვე ზუსტად 25 წელია, მსმენელს ინარჩუნებს და სტაბილური რეიტინგის ფონზე მუდმივ სიახლეებს სთავაზობს გულშემატკივარს. გუნდი, რომელიც „ფორტუნა პლუსს“ ქმნის, საუბრობს, თუ რა ადგილი უკავია მათ ცხოვრებაში FM 103.5-ს.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე:

1997 წელს, FM 106.9-ზე პირველად გაიჟღერა რადიო „ფორტუნამ“, რომელმაც დიდი გადატრიალება მოახდინა ქართული რადიოსივრცეში და სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა. შემდგომ, 2000 წელს, ზუსტად 25 წლის წინ, მას წარმატებით მოჰყვა „ფორტუნა პლუსი“ — რადიო, რომელმაც კიდევ უფრო გააფართოვა მუსიკალური ჰორიზონტები და ახალი სუნთქვა შემოიტანა ქართულ მედიაგარემოში.

„ფორტუნა პლუსი“ იქცა პლატფორმად, სადაც უამრავმა დღევანდელმა წარმატებულმა ადამიანმა აიდგა ფეხი. მისი სიძლიერე სწორედ გუნდშია — თითოეულ წამყვანში, მენეჯერსა და თანამშრომელში, რომლებიც ერთიანად ქმნიან მსმენელისთვის საუკეთესო გამოცდილებას.

დღეს „ფორტუნა პლუსი“ არა მხოლოდ მიჰყვება, არამედ თავადაც კარნახობს მსოფლიო მუსიკალურ ტენდენციებს. აქ თავს იყრის ყველაზე ტრენდული მუსიკა, გართობა და საუკეთესო განწყობა.

გისურვებთ უწყვეტ წარმატებას, ხანგრძლივ წინსვლას, ერთგული მსმენელის სიყვარულსა და ნდობას. „ფორტუნა პლუსი“ რჩება ინოვაციის, ხარისხისა და თანამედროვე მუსიკის სიმბოლოდ!

რეზო კაკულია, რადიო „ფორტუნა პლუსის“ მენეჯერი:

შეგახსენებთ, რომ „ფორტუნა პლუსი“ 2000 წლის 1-ელ სექტემბერს გავიდა ეთერში. რადიოში როგორც წამყვანმა დავიწყე მუშაობა, ხოლო 2002 წლიდან რადიოს მენეჯერი გახლავართ.

ჩვენი რადიოსადგური ფორმატულად სიახლეებზეა ორიენტირებული, პირველ რიგში, მუსიკალური თვალსაზრისით, ასე რომ, მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდით ვყოფილიყავით ფლაგმანი რადიოსადგური უახლესი ჰიტების მხრივ და 103.5 იყო და არის ტალღა, სადაც მსმენელი პირველად ისმენს როგორც უცხოელი არტისტების ახალ სინგლებს, ასევე ადგილობრივი შემსრულებლების სიახლეებს.

ყოველდღიურ რეჟიმში ვუყვებით მსმენელს მსოფლიო შოუბიზნესის სიახლეებს, ვაჟღერებთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას სხვადასხვა სფეროდან.

ხშირად მეკითხებიან, როგორია ერთ ადგილას ამდენ ხანს მუშაობა, არის თუ არა მოსაბეზრებელი – საქმე ისაა, რომ ბავშვობიდან მელომანი ვარ და მუსიკას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, მით უმეტეს, როგორც აღვნიშნე, სიახლეებზე ვართ ორიენტირებული და ამიტომ ახალი სიმღერების მოსმენას, გადარჩევას და შემდეგ უკვე ეთერში შეტანას, ერთგვარი აზარტითაც კი ვუდგები… დღემდე ეთერში გადის ჩემი პროექტი – „ტოპ 10“, რომელიც პირადად მიმყავს, წამყვანის ამპლუაშიც ვარ დღესდღეობით „შემორჩენილი“.

რაც შეეხება სიახლეებს, რა თქმა უნდა, ახალი სეზონიდან გავაგრძელებთ მსმენელის უახლესი სიმღერებით „მომარაგებას“ და ახალ პროექტებზეც ვმუშაობთ, რომლებიც ალბათ ოქტომბრიდან ჩაეშვება ეთერში.

მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს გუნდს – „ფორტუნა პლუსის“ რადიოწამყვანებს მივულოცო იუბილე და ვუთხრა, რომ მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ 25 წელია, ჩვენი რადიოსადგური არ კარგავს პოპულარობას, ყოველთვის ტრენდშია და ყოველდღიურად უამრავი ადამიანის გუნება-განწყობილებას უკეთესობისკენ ცვლის.

მირიან ჯეჯელავა:

პირველი და უმთავრესი მიზეზი, რის გამოც აგერ უკვე 20 წელია ვმუშაობ რადიოში, არის ის, რომ უზომოდ მიყვარს მუსიკა და მის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. არ არსებობს დღე, როცა მუდმივად არ ვუსმენ მუსიკას, როგორ ხასიათსა და განწყობაზეც უნდა ვიყო. სწორედ ამ მიზეზმა მომიყვანა რადიოსივრცეში. პატარაობისას მახსოვს, როგორ წარმოვიდგენდი, ვითომ რადიოწამყვანი ვიყავი. ამ თამაშ-თამაშში ეს ოცნება მოზრდილ ასაკში რეალობად მექცა. რაც უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, როგორი დატვირთულიც უნდა ვიყო, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მოიძებნება დრო რადიოსთვის. თითქოს წარმოუდგენლად მიმაჩნია სტუდიის გარეშე ცხოვრება, მიკროფონთან შეხებისა და ყურსასმენის გარეშე. ეს არის ჩემთვის დღემდე ჯადოსნური სივრცე. ალბათ, ასე იქნება, სანამ მუსიკა მეყვარება. მუსიკა კი მეყვარება მთელი ცხოვრება…

„ფორტუნა პლუსის“ ფორმატიდან გამომდინარე, მუდმივად ახალი მუსიკის ძიებაში ვარ და მაქვს შეხება. მუსიკალური სივრცის განვითარებამ ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქოს ჩემ თვალწინ გაიარა…

ვულოცავ „ფორტუნა პლუსს“ დაბადების დღეს. ვისურვებ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში არსებობდეს რადიოსივრცეში. ეს ასეც იქნება, ალბათ, რადგან ამდენი წელი გაუძლო, მას ვერაფერი შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რადიო აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორიც იყო 10 წლის წინ, თუმცა რეალურად რადიო ყველა მანქანაში ჩართულია, ამიტომ მას გაჩერება ნამდვილად არ უწერია.

გიგა ბატკუაშვილი:

როცა 2002 წელს, რადიო „ფორტუნა პლუსის“ პირდაპირ ეთერში გავედი, ეს იყო ჯადოსნური სამყარო ჩემთვის. დღემდე ძალიან კარგად მახსოვს ის ემოციები და ნერვიულობა. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა, გისმენდა უამრავი ადამიანი. თან, ძალიან პატარა ვიყავი, 15 წლის… 23 წელი გავიდა, რაც მე ამ რადიოში მოვედი. მსმენელები მწერენ, როგორ არ დაბერდი, ისევ ისეთი ენერგია და ემოციები გაქვსო… 23-წლიანი ურთიერთობა მსმენელთან, ემოციები, ეთერებში დარეკვა… სულ მეკითხებიან, ამდენი წელი როგორ გავძელი, რომ ვარ რადიოწამყვანი. ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია ამ ეთერების გარეშე. როცა ეთერში ვარ, სრული გარდაქმნა ხდება. გიგა აბსოლუტურად განსხვავებულია პირდაპირ ეთერში… უფრო სხვა, უფრო მეტად საინტერესო კუთხით ვჩანვარ, ასე მგონია.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ იმისთვის, რომ მაქვს გადაცემა „ვიზიტორი“, მან გამაცნო უამრავი საინტერესო ადამიანი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი. მახსოვს, ოზი ოსბორნის შვილთან ჩემი ინტერვიუ, ის საქართველოში იყო ჩამოსული. მაშინ ვთქვი კიდევ ერთხელ, როგორი საინტერესო სამსახური მაქვს და რა შესაძლებლობებს მაძლევს…

რადიო ჩემი ცხოვრებაა… ცხოვრების ნახევარზე მეტი ამ არაჩვეულებრივ ატმოსფეროში მიკროფონთან, მიქშერთან გავატარე. ამ რადიოს გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება… შვებულების მეათე დღეს უკვე მენატრება ამ სტუდიაში შემოსვლა. თურმე შეიძლება, ამდენი წელი ემსახურო ერთ საქმეს და ძალიან გიყვარდეს.

მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთი აგური მაინც დადო „ფორტუნა პლუსის“ განვითარებაში, თამარ ჩიგოგიძეს, გუნდს, მენეჯერებს, დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ „ფორტუნა პლუსი“ მუდამ ინარჩუნებს რეიტინგს. ასევე მინდა მივულოცო რადიოს იუბილე ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ წამყვანად მუშაობდა…

დაბოლოს, იმედია, კიდევ დიდხანს მივესალმები „ფორტუნა პლუსის“ მსმენელს და ვეტყვი, რომ უსმენენ უახლესი ჰიტების ტალღას…

ქეთი ქორიძე:

ჩემი და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ თანამშრომლობა უკვე 15-წლიან ისტორიას ითვლის. ეს არის ის ურთიერთობა, ის საქმე, რომელმაც უპირობოდ და სამუდამოდ აქ მოსვლის დღიდან ეთერში პირველივე გასვლის შემდეგ შემიპყრო, დამიპყრო და გამხადა ამ საქმიანობის ერთგული.

ჩემთვის ყოველ ჯერზე ეთერში გასვლა ძალიან პირადული, საპასუხისმგებლო, ამაღელვებელი და საინტერესოა. კიდევ უამრავი ეპითეტია, რომელიც აღწერს ამ ემოციას. ესაა ენდორფინისა და ადრენალინის სინთეზი, რომელიც ფეთქდება  წითელი ღილაკის ანთებისთანავე…

რადიოეთერის დეფინიცია პირადად ჩემთვის ასეთია, ძალიან ინტიმური და იმავდროულად გლობალური ფენომენია, ხვდები, რომ მიკროფონში შენ ყველა ბგერას, სიტყვას აზრს და ა.შ უშვებ უკიდეგანო რადიოტალღებში ადრესატთან, რომელსაც არც კი იცნობ, მაგრამ იმ მომენტში ის შენთანაა, გისმენს და სწორედ მაშინ ხდება ქიმია შენსა და მსმენელს შორის, რითაც აგერ უკვე 15 წელია ვიხიბლები. მე მუსიკალური წამყვანი ვარ და აქვე აუცილებლად  მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული სიყვარული მუსიკისადმი. ჩემს თავს თამამად ვუწოდებდი მელომანს  და  მუსიკაზე დამოკიდებულს ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. ასევე ვარ მერწყული და როგორც ყოველივე ახლის, ნოვატორულისა და პროგრესულის მომხრეს განსაკუთრებით მიყვარს „ფორტუნა +“-ის ეთერი, აქ მუშაობა და ამ ჰოლდინგის გუნდის წევრობა. იმედია, ეს ორმხრივი ერთგულება კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება. პატივისცემით, RJ ქეთა უახლესი ჰიტების ტალღიდან…

თიკო დემეტრაძე:

The road so far… ასეთი ტერმინი არსებობს, – რაც უფრო დაუსრულებელს ნიშნავს, ვიდრე ძალიან გრძელ გზას. მე და რადიო… ან მე და თქვენ. ასეთ მომენტში ერთი დიდი ჩასუნთქვა და მერე სიტყვები მოდის და მოდის. უპირველეს ყოვლისა, ეს მუსიკაა, რაც მე და მას გვაახლოებს ერთმანეთთან, მერე კი ურთიერთობა მისი გავლით თქვენთან, – მსმენელთან. შენ შეიძლება ნებისმიერ ადგილზე იყო. ნებისმიერი საქმით იყო გართული და იცი, რომ რადიოს ერთი გზა აქვს, – მიკროფონიდან დინამიკის გავლით, მსმენელამდე.

„ფორტუნა პლუსში“ 2019 წელს მოვედი. მერე დაიწყო და დაიწყო… დილის სიჩუმე, პირველი შესვლა ეთერში. პირველი ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი ამბავი ჩემთვის და ჩემი მსმენელისთვის. ჩემს სტუდიაშიც ზუსტად ის ხმაურია, რაც მსმენელის რადიომიმღებში. ეს ხომ ის სივრცეა, სადაც თითოეული წუთი მნიშვნელოვანია. თითოეული ამბავი, რუბრიკა, ტრეკი სიყვარულით ერთიანდება ხმად და ეს ხმა მიყვება რადიოტალღებს.

ჩვენ წლებია, თქვენ გვერდით ვართ. სახლში, გზაზე, ყურსასმენებში. ეს ტალღა თქვენია, – ახალი თაობის ტალღა (ყველა თაობის ტალღა) და დღეს, როცა FM 103.5-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი დაუდგა, მადლობას გიხდით თქვენ, ჩვენს მსმენელს, ჩვენი ცხოვრების ნაწილს. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს დრო და ეს ემოციებიც საერთოა! The road so far… და წინ კიდევ ბევრია!