LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის ავთუკა ხომერიკს საკუთარი ტელევიზია აქვს: დედა ოპერატორია, მამა მძღოლი…

758
ავთო 0111

13 წლის ავთუკა ხომერიკი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცხოვრობს, “TV მეორეს” დამფუძნებელია. ალბათ ცოტა უცნაურია მისი ასაკი და თანამდებობა, მაგრამ ასეა. ამასთან ერთად, საკუთარ ტელევიზიაში ის არის ჟურნალისტი, ოპერატორი, მემონტაჟე და წამყვანი. ამბობს, რომ ძალიან კარგი ბავშვობა ქონდა. საკმარისი იყო მშობლებისთვის რაიმე ეთხოვა, ყველაფერი ქონდა. ავთუკა საკმაოდ სერიოზული, თავდაჯერებული და მიზანდასახულია. მასთან საუბრისას იფიქრებთ, რომ უკვე ზრდასრულ და შემდგარ ადამიანს ესაუბრებით.

 

საინტერესოა, როგორია ავთუკას ერთი ჩვეულებრივი დღე?..

დილით სკოლის დროს, რა თქმა უნდა, ადრე ვდგები. ტელევიზორი ჩართულია, ვვარჯიშობ, ვსაუზმობ. ამ დროს თვალს შევავლებ ახალ ამბებს და მივდივარ სკოლაში. იქიდან დაბრუნებული, პირველ რიგში გაკვეთილებს ვამზადებ. შემდეგ, დაძინებამდე საიტზე ვმუშაობ, გადაცემას ვგეგმავ, ვამონტაჟებ ან წიგნს ვკითხულობ.

 

როდის და რატომ დაინტერესდი ამ პროფესიით?

ჟურნალისტიკით პირველად 2015 წლის 13 ივნისს დავინტერესდი. ისე ოპერატიულად აშუქებდნენ ჟურნალისტები ტრაგედიის მოვლენებს, მეც დავინტერესდი. რაც შეეხება ტელევიზიის გახსნას, 7-8 წლის ვიყავი და ვფიქრობდი კიდევ დიდხანს ვერ გავხდებოდი ჟურნალისტი. მე კი ვერ ვითმენდი და გადავწყვიტე სანამ ნამდვილი ჟურნალისტი გავხდები, საკუთარ ტელევიზიას გავხსნი-თქო და თანდათან დავიწყე განხორციელება.

როგორც ვიცი, სანამ “ტვ მეორეს” დააარსებდი, გქონდა “საზოგადო ნიუსი”, რატომ შეცვალე?

„საზოგადო ნიუსსა“ და “TV მეორეს“ გახსნას შორის, პატარა პაუზა მქონდა. მაშინ, როცა „საზოგადო ნიუსი“ მქონდა, პროკურორობა მომინდა. თუმცა, ეს სურვილი მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა და მალევე დავუბრუნდი ჟურნალისტიკას, უკვე სერიოზული ფიქრებით, რა დროსაც „TV მეორე“გავხსენი.

შენი მეგობრები, რომლებიც უკვე კოლეგებიც არიან, როგორ დაითანხმე და ამჟამად რამდენი მუშაობთ?

“TV მეორეს“ გახსნის პირველ დღეეებში ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მე ვიმუშავებდი. მეგობრებიც თუ დაინტერესდებოდნენ არ მიფიქრია. ლუკამ (ლუკა ხომერიკი) გამოთქვა სურვილი, რომ მასაც უნდოდა ჩემთან მუშაობა. შემდეგ, სხვებმაც გამოხატეს ინტერესი და ასე შეიქმნა „TV მეორეს“ გუნდი. რამდენიმეს მე შევთავაზე. თუმცა, დიდი ნაწილი საკუთარი სურვილით მოვიდა. ახლაც ბევრ ბავშვს სურს ტელევიზიაში მუშაობა. მე, რა თქმა უნდა, მათ ვიმახსოვრებ, რომ თუ ახალი პოზიცია გამოჩნდება, შევეხმიანები.

 

რაზე ოცნებობ და რას აკეთებ იმისათვის, რომ სისრულეში მოიყვანო?

ჩემი ოცნებაა გავხდე ტელეწამყვანი. ძირითადად საინფორმაციო მაინტერესებს. ყოველთვის ვეცნობი ჟურნალისტიკის შესახებ სტანდარტებს. მაგალითად, როგორ უნდა გააშუქოს ჟურნალისტმა სასამრთლოში მიმდინარე მოვლენები. რა წესები უნდა დაიცვას მძიმე და შემზარავი თემის გაშუქებისას. შემდეგ, ვმუშაობ საკუთარ თავზე, როგორ გავაშუქებდი, როგორ მოვიქცეოდი და ა.შ.

შენი ფავორიტი ჟურნალისტი?

ვერ დავაკონკრეტებ. იმიტომ რომ თითქმის ყველა ცენტრალურ და რეგიონულ არხს ვეცნობი. არ ვარ ერთ კონკრეტულზე ორიენტირებული. ვუყურებ ყველას, ვეცნობი ყველა არხის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და შემდეგ საკუთარი აზრი გამომაქვს. ამიტომ ვერავის გამოვყოფ.

რა ან ვინ გაძლევს სტიმულს, რომ იმუშაო და გახდე უკეთესი?

ოჯახი, მეგობრები და, რა თქმა უნდა, მაყურებელი, რომელიც მაძლევს იმის სტიმულს, რომ კიდევ უკეთესი გავაკეთო და საკუთარ თავზე უკეთ ვიმუშაო.

ოჯახისა და საზოგადოების დამოკიდებულება როგორია შენს საქმიანობაზე?

დადებითი დამოკიდებულება აქვთ. ბევრი მეუბნება, რომ თუ რაიმე დაგჭირდეს, დაგეხამრებითო, ვამაყობთ შენით და ა.შ. ბევრი თბილი სიტყვა მესმის ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ.
ოჯახის წევრებიც შეძლებისდაგვარად მეხმარებიან. მაგალითად, თუ არის ისეთი სიტუცია, რომ სხვა ბავშები გადაღებაზე ვერ მოდიან და მხოლოდ მე ვარ, ამ დროს დედა ოპერატორია, მამა კი ყოველთვის მძღოლი (იღიმის). მოკლედ, ბებია, ბაბუა, დედა და მამა ტელევიზიის განვითარებაში ერთობლივად მეხმარებიან.

რა გხიბლავს ამ პროფესიაში?

ჩემთვის რთული და ამავდროულად ძალიან მომხიბვლელია. არ იცი, რა მოხდება, რა თემა შეგხვდება და სად აღმოჩნდები. მოულოდნელობებით არის სავსე, რაც რთულზე უფრო მიმზიდველია. ჩემი აზრით, ჟურნალისტიკაში მნიშვნელოვანი და მთავარი არის იყო ობიექტური. მაყურებელს, რომელიც შენ გენდობა, ინფორმაცია ყოველგვარი შესწორებისა და შელამაზების გარეშე უნდა მიაწოდო.

რაიმე ცვლილებები ხომ არ არის ამ ეტაპზე, გეგმავ თუ არა სიახლეებს?

13 სექტემბერს ტელევიზია 3 წლის ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ახალ ეტაპზე გადავედით. ერთთვიანი შვებულების შემდეგ, კვლავ ვბრუნდებით ინტერნეტ სივრცეში. ბევრი ფიქრის დრო მქონდა. შესაბამისად, არხის რებრენდინგი გავაკეთე. შეიცვალა ლოგო, მუსიკა, ქუდი და ტიტრები. ჯერ ახალი სეზონისთვის სამზადისი არ დასრულებულა. როგორც კი ყველა დეტალს ამოვწურავთ და შევიმუშავებთ, ახალ გადაცემასაც გადავიღებთ.

წლების შემდეგ, როგორ და სად ხედავ საკუთარ თავს, რას უნდა ველოდოთ ავთუკა ხომერიკისგან?

წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში ვიქნები. საინფორმაციო სამსახურში ვგეგმავ და ვნახოთ. დილის გადაცემაც მომწონს, როცა შენ აღვიძებ ათასობით ადამიანს. ტელევიზიაში რომ ნამდვილად ვიქნები, ამაში დარწმუნებული ვარ.

როგორ ფიქრობ, ძლიერი ადამიანი ხარ?

დიახ, რადგან ჩემ ასაკში ბევრი რამ შევძელი და კიდევ უფრო მეტი მინდა რომ გავაკეთო.

რას ურჩევ შენ თანატოლებს?

თავისუფალი დრო განათლებას დაუთმონ. თუ რაიმე მიზანი აქვთ, იბრძოლონ. მოძებნონ გზები, მოინდომონ და რაც შეიძლება მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე.

 

 

ნანკა ქოქიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები