ქართულ ბაზარზე ახალი ენერგეტიკული სასმელი გამოჩნდება. როგორც ”ფორტუნას”  შპს ”კანტიდან” აცნობეს, ახალი ენერგეტიკული სასმელის, სავაჭრო მარკით – „16TH“ (მეთექვსმეტე), შექმნის უმთავრესი მიზანი, საქართველოში რაგბის განვითარების ხელშეწყობაა.  საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული ყოველი ერთეული ენერგეტიკული სასმელი „16TH“-დან, 5 თეთრი გადაირიცხება საქართველოს რაგბის კავშირში.

”ამიერიდან, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, შეეძლება  მონაწილეობა მიიღოს  ბორჯღალოსნების მომავალ მიღწევებში, როგორც ყველაზე საამაყო ეროვნული ნაკრების მეთექვსმეტე მოთამაშემ. დაგროვილი ფინანსები მოხმარდება საქართველოს რაგბის ინფრასტრუქტურის იმ ნაწილს, რომელსაც, შესაბამისი მომენტისთვის, ახალი ენერგია მეტად დასჭირდება.  ინფორმაცია აკუმულირებული ფინანსების და გაწეული ხარჯების  შესახებ იქნება საჯარო და  ყოველთვიურად დაიდება ვებ-გვერდზე www.16th.ge.”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, წლის ბოლოს რაგბის კავშირში დაახლოებით 250 000-500 000 ლარამდე ჩაირიცხება. 3 წლის შემდეგ ენერგეტიკული სასმელი ,,16TH “ რაგბის კავშირის ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორი იქნება.

სასპონსორო  ხელშეკრულებას საქართველოს რაგბის კავშირსა და  „კანტს“ შორის ხვალ მოეწერება ხელი. დოკუმენტს  ხელს მოაწერენ შპს „კანტის“ გენერალური დირექტორი ალეკო ხომერიკი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

 

მსგავსი თემები