LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მილიარდ ასი მილიონი დოლარია საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული” – ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა

114
ლევან დავითაშვილი

საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც საქონლის წარმოშობას, თავისუფალ ვაჭრობას, ფიტოსანიტარიულ ნორმებსა და სხვა ეკონომიკურ კომპონენტებს დაარეგულირებს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, 2022 წელს საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა 400 მილიონ დოლარზე მეტია.

“უნდა აღინიშნოს, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ცენტრად იქცა. ის, ძირითადად, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ხარჯზე იზრდება. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ეკონომიკური შეთანხმება გვქონდეს. სამი რაუნდი გაიმართა და დღეს მოლაპარაკებები წარმატებით სრულდება. პროცესი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და ის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებით ბოლოვდება, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ არეალს განსაზღვრავს. დოკუმენტი დაარეგულირებს საქონლის წარმოშობის საკითხებს, თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს, ფიტოსანიტარიულ ნორმებს და სხვა კომპონენტებს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები წავახალისოთ.

2022 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო. ამ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 400 მილიონ დოლარზე მეტი იყო და წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა. 2023 წელი კიდევ უფრო ინტენსიური იქნება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, 2003 წლიდან დღემდე, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ ასი მილიონი დოლარია ინვესტირებული.

“არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია. 2003 წლიდან დღემდე, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მილიარდ ასი მილიონი დოლარია საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული. ეს ითვალისწინებს სასტუმრო ინდუსტრიას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ა.შ. ამას ჩვენი სტრატეგიული შეთანხმება მომავალშიც ხელს შეუწყობს და ასევე, ხელს უწყობს ორი ქვეყნის ლიდერების მჭიდრო მეგობრული კავშირი. ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ორჯერ ესტუმრნენ საამიროებს. მიმდინარე წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში უკვე დადასტურებულია.

მე იმედი მაქვს, რომ საამიროებიდან ინვესტიციებს უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და წარმოების სხვადასხვა სფეროში ვიხილავთ”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები