LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის ქართული საზოგადოება დემოკრატიულ ქვეყანაში – წლის შეჯამება

679
uuuu

ხალხთა ერთობა, ერთმანეთთან სხვადასხვა ურთიერთობით ან ვირტუალური ტერიტორიით დაკავშირებული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვლინდება ქვეჯგუფების დომინირებადი მოდელებით. მათ ახასიათებს სოციალური ურთიერთობები ინდივიდუალებს შორის, რომელთაც გამორჩეული კულტურა აერთიანებთ. ასეთი გახლავთ საზოგადოების მოკლე განმარტება. ქართული საზოგადოება უფრო ფართო მცნებაა, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებითა და კლასიფიკაციით. ასეთ გამორჩეულს მას ხდის მუდმივი ბრძოლა, შფოთი, დაუმორჩილებლობა, ტემპერამენტი და ზოგჯერ გულგრილობაც კი. როგორი იყო 2019 წლის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრება, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტით?!

 

პატრიარქის მოწყალება – საპატრიარქოს კარის ამბები

თემა, რომელიც წლის მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, იყო საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები. ქართველი ხალხის რწმენის საკითხებში გადამწყვეტი ფაქტორი არ დამდგარა, თუმცა საზოგადოება რამდენიმე თვე მომხდარს მაინც აქტიურად განიხილავდა. ჯერ იყო მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება, სადაც მან მთავრობის წევრებს ბრალი დასდო პატრიარქის შეცვლის საქმის მომზადებაში. მოგვიანებით  კი მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და პარტიარქმაც აპატია. შენდობა არ უთხოვია მეუფე პეტრეს, რომელმაც სინოდის სხდომიდან გამოსულმა უფრო დიდი „მამხილებელი“ განცხადებები გააკეთა, ამიტომ პატრიაქის მოწყალება ვერ დაიმსახურა და დღეს მღვთელმსახურების უფლებაჩამორთმეული პეტრე ცაავა მონასტერშია გამწესებული.
საპატრიარქოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ე.წ. „ციანიდის საქმე“, რისთვისაც ბრალდებული და თავისუფლებააღკვეთილი მამა გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მოწყალების ამარა დარჩა, თუმცა ვერც ქვეყნის პირველი პირისგან მიიღო შენდობა. ამას თავისი წინაპირობები ჰქონდა, სადაც პრეზიდენტის „შეწყალების“ სიაში მოხვედრილი ადამიანების წარსული და სასჯელი ვერ მოუწონეს პრეზიდენტს, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა ჯერ მორატორიუმი გამოაცხადა, შემდეგ კი საერთოდ უარი თქვა შეწყალებებზე.

საპატრიარქოს კარის თამაშები – ბრძოლა ტრადიციების სახელით

 

აქციები – რუსი პარლამენტში და გაუქმებული პროპორციული

2019 წელს ქართული საზოგადოების ნაწილს, სხადასხვა მიზეზებით, ხშირად ვხედავდით ქუჩაში. წლის მთავარი გამოსვლა იყო 20 ივნისის საპროტესტო აქცია, რომელმაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა შემდგომ აქციებს, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და მომავალი წლისთვისაც წინასწარ არის დაგეგმილი. ქართულმა საზოგადოებამ მთავრობას რუსი კომუნისტი მაღალჩინოსანისთვის საქართველოს პარლამენტში საპატიო ადგილის შეთავაზება არ აპატია. შემდეგ ოპოზიციაც გაერთიანდა, თუმცა მათთვის სასურველი შედეგი, ჯერ ვერ დადგა. რაც შეეხება მთავრობის პასუხს – მმართველი პარტიის მეთაური ხალხს ჯერ პროპორციულ არჩევნების დაპირდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. პრეზიდენტმა მე არ ჩავერევი თქვენს პოლიტიკაშიო, ამიტომ კრიტიკის თავის ასარიდებლად საერთოდ გაჩუმება არჩია. ერთი კომენტარი კი დაწერა „უნდათ და რა ქნანო.“

ივანიშვილის „ტრიუკები“, თვალების დათხრა და ბრძოლა ხელისუფლებისთვის – 2019 წლის 10 პოლიტიკური მოვლენა


ერთი სქესის სიყვარულის წინააღმდეგ

საზოგადოების კიდევ ერთი აღშფოთების მიზეზი ქართული ფილმები „და ჩვენ ვიცეკვეთ“  და „კომეტები“ იყო, რომელთა პრემიერამაც საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. ორად გაყოფილი საზოგადოების აზრი, საპატრულო პოლიციის ცოცხალი კორდონის, გატეხილი თავის და რამდენიმე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით და დაკავებით შემოიფარგლა. ფილმები კინოთეატრებში მაინც გავიდა. მოქალაქემ პროტესტის ნიშნად აქციაზევე თმები მაკრატლით შეიჭრა, თუმცა ჩვენება მაინც არ შეწყვეტილა. ფილმმა და მსახიობებმა რამდენიმე საერთაშორისო აღიარება და ჯილდო მიიღეს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“: სკანდალური ფილმის მთავარი გმირი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპში მონაწილეობდა (ვიდეო)

 

აზარტული თამაშები 

ქართული საზოგადოების ახალგაზრდა თაობის წლის პრობლემა აზარტული თამაშები იყო. ყველაზე გახმაურებული ამბავი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის თვითმკვლელობა გახდა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას თავი ვერ დააღწია და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ფაქტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა და სახელმწიფოს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდეს. გაიმართა რამდენიმე სამშვიდობო-გამაფრთხილებელი აქციაც, რომლითაც საზოგადოებამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა მიეღო კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს საქართველოში აზარტულ თამაშებს. თუმცა, თემა მალევე დაიხურა და სხვა „უფრო მნიშვნელოვანი ამბებით“ გადაიფარა. აზარტული თამაშების საკითხი სავარაუდოდ მომავალ საპარამენტო არჩევნებზე ისევ გააქტიურდება.

 

“ამ ცხოვრების დედაც” – ლუკა სირაძე

ბოლო პერიოდში მთელი ქართული საზოგადოების გაერთიანება ერთი წუხილის ქვეშ მოახერხა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამ. პოლიციაში დაკითხვაზე დაბარებულმა ლუკა სირაძემ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო და მე-9 სართულიდან გადახტა. რამდენიმე დღეში კი მოზარდი იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ტრაგედიამ საზოგადოების ყველა თაობა გააერთიანა. თანაგრძნობის, საპროტესტო და მშვიდობიანი აქციები გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ამ ცხოვრების დედაც“ – ეს იყო მოზარდის სიტყვები, რომელიც მან სკოლის ეზოში წარწერების სახით დატოვა და რაც მისი დაკითხვის მიზეზი იყო. დღეს იგივე სიტყვებს ნახავთ პოლიციის შენობასთან სკოლებში, ეზოებში, ქუჩაზე, გვირაბებში და ა.შ. საქმეზე გამომძიებელი ქალი დაკავებულია, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არის ვარაუდი, რომ კიდევ რამდენიმე პირის ბრალეულობაც იკვეთება.

“არასრულწლოვანზე ზეწოლას მინიმუმ სამი თანამშრომელი ახორციელებდა” – საია პოლიციელების ვინაობის დადგენას ითხოვს

 

უმუშევრობა – ადგილები არის, კვალიფიკაცია არა

საქართველოში მოსახლეობის ერთ-ერთ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს და მიუხედავად ყოველი არჩევნების დროს მიღებული დაპირებებისა, მაინც ვერ ვეღირსეთ ვერც ქარხნებს და ვერც ადამიანურ პირობებზე მორგებულ შრომის კოდექსს. საზოგადოებისთვის აღნიშნულ პრობლემას მთავრობამ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ისევ „ინიციატივით” უპასუხა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ და დასაქმების სააგენტოს უფროსის მოვალეობის  შემსრულებელმა თამარ  ბარკალაიამ შრომის ბაზრის პრიორიტეტებსა და ბაზრის დივერსიფიკაციის  საკითხებზე განაცხადა, რომ ამაზე მუშაობა ჯერ კიდევ 5 წლის  წინ დაიწყო, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა უმუშევრობის დაძლევაში მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ერთის მხრივ არის ვაკანსიები, რომელზეც ცალსახად არის მოთხოვნა და დამსაქმებელს არ ყავს კვალიფიციური კადრი. მეორეს მხრივ, არიან უმუშევრები, მაგრამ ისინი ვერ აკმაყოფილებენ დამსაქმებლის მოთხოვნებს. ამასობაში კი საქსტატის მონაცემებით საქართველოში საშუალო ხელფასი 1200 ლარი ყოფილა, რომელიც სიმართლე გითხრათ რა პრინციპით დაითვალეს ვერ გეტყვით, მაგრამ იმ უმუშევრობის და სიღარიბის ფონზე, რასაც ქართული საზოგადოების ნაწილი განიცდის, შეუძლებელია აღნიშნული თანხა სერიოზულ ვარიანტად განიხილოს.

 

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს

2019 წელს ქართული საზოგადოების კულტურის ნაწილს ორი ხელოვანი გამოაკლდა. 84 წლის ასაკში, მსოფლიოში აღიარებული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისთვის და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე.“

53 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ურუშაძე. ურუშაძის რეჟისორობით გადაღებულია 6 ფილმი და ორი ტელესერიალი. 2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია “მანდარინები”. ზაზა ურუშაძე 1999-2000წწ. იყო სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

 

სიცოცხლის გადასარჩენად  

სიცოცხლის გადასარჩენად სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულმა ინფორმაციამ გააერთიანა ქართული საზოგადოება. პატარა ანიტა ფაცაციას ამბავი დღეს მთელმა საქართველომ იცის და გულშემატკივრობს გოგონას გულის გადანერგვის ოპერაციას, რომელიც ინდოეთში უნდა ჩატარდეს. ანიტას დახმარება ოჯახმა ითხოვა, მათ ფინანსური მხარდაჭერა უბრალო მოქალაქეებიდან დაწყებული, მთავრობის წევრებით დასრულებული, ყველამ აღმოუჩინა. საზღვარგარეთ ანიტას მკურნალობისთვის 300 000 დოლარიდან თითქმის ნახევარი საზოგადოების დახმარებით შეგროვდა, დარჩენილი თანხის ანაზღაურება ქალაქ თბილისის მერიამ საკუთარ თავზე აიღო. საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხდა პატარა გოგონას გამგზავრება ინდოეთში. დღეის მდგომარეობით, ანიტა წინასაოპერაციო პროცედურებს წარმატებით გადის.

“ჩვენ ეს შევძელით” – ანიტა ინდოეთშია, მგზავრობამ კარგად ჩაიარა

 

წლის ვირუსი

საქართველოში დარჩენილებს ვირუსმა რამდენჯერმე შემოგვიტია. წლის დასაწყისში მდგომარეობა საგანგაშო არ იყო, თუმცა სასწავლო პროცესის გადადება მაინც საჭირო გახდა. არც გაზაფხულზე დავავიწყდით გრიპის ვირუსს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩვეულებრივი ვირუსი იყო და აცრებისკენ მოგვიწოდა. სეზონური ვირუსი დაფიქსირდა გვიან შემოდგომაზეც, სადაც საზოგადოების მეტი ინფორმირებისთვის მედიასაშუალებებმა რამდენიმე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა. რა არის ვირუსი და როგორ გავუმკლავდეთ მას, აღნიშნული თემით „ფორტუნამ“ ვრცელი სტატია მოამზადა და მკითხველს შესთავაზა რჩევები, რომელიც სპეციალისტებისგან მიიღო.

გრიპის სეზონი დადგა: რომელი ვირუსია გავრცელებული და როგორ უნდა დავიცვათ თავი – რეკომენდაციები ნუგზარ უბერისგან

 

7 მიწისძვრა 

7-ჯერ მოხდა მიწისძვრა. მართალია მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრე 4.5 მაგნიტუდას არ აჭარბებდა და ნგრევაც არ მოყოლია, თუმცა სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი მოსახლეობას გაფრთხილების გარეშე არ ტოვებს. მართალია მიწისძვრის შემდეგ გვეუბნებიან, რა სიმძლავრის იყო და სად მოხდა, მანამდე კი, თუ გაგვიმართლა, თვითონაც კარგად მივხვდებით სიმძლავრესაც და ეპიცენტრსაც.

 

დაგვიბრუნეთ სტალინი და СССР

მიწისძვრის მიზეზი ვერ იქნებოდა, მაგრამ დემოკრატიული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია სტალინის ძეგლის აღდგენის მოთხოვნამ.  „მოვითხოვთ სტალინის ძეგლის აღდგენას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სამჯერ ვიმეორებთ“, – კომუნისტები და სტალინისტები დღეს გორში, სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ და საბჭოთა დიქტატორის ძეგლის აღდგენა მოითხოვეს. ძეგლის აღდგენის გარდა, აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ: რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. მოქალაქეებს ეხურათ ქუდები და ეკეთათ შარფები რუსული წარწერით – СССР. გორში 2010 წლამდე საბჭოთა დიქტატორის ძეგლი იდგა, რომელიც შემდეგ „დემონტაჟს“ დაექვემდებარა.

 

“ფორსაჟის” გადაღება 

მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენა თბილისისთვის და არა მარტო დედაქალაქისთვის მოხდა ზაფხულში. თბილისში ჰოლივუდის ვარსკვლავები ვერ ჩამოვიდნენ, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფილმის „ფორსაჟის“ ბოლო ვერსიის გადაღება სწორეს აქ მოხდა. რამდენიმე დღით გადაკეტილი ქუჩები და პოლიციის მობილიზება, საზოგადოებისთვის არ აღმოჩნდა პროტესტის მიზეზი, პირიქით, ხალხი ფილმის გადაღების პროცესს დიდი სიხარულით ადევნებდა თვალყურს. მომავალი წლიდან ქართველი მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება „ფორსაჟის“ პრემიერას.

“ფორსაჟის” გადაღების გამო, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

 

გემრიელი ფესტივალი: ხაჭაპური, ხინკალი და… 

სხვა ნეგატიურ მოვლენებთან ერთად ქვეყანაში პოზიტიური ამბებიც მოხდა. რეგიონებში სხვადასხვა სახის ფესტივალი ჩატარდა. სამეგრელომ გიგანტური ხაჭაპურით დაიწყო და კახეთმა ორსართულიანი ხინკლით დაასრულა. ყველა კულტურული ღონისძიება, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მომავალი წიდან ყველა გაგრძელდება. მაგალითად „ხაჭაპურის ფესტივალი“.

4 მეტრიანი ხაჭაპური და 3 მეტრიანი გებჟალია – სამეგრელოში “ხაჭაპურის ფესტივალი” გაიმართა (ფოტო/ვიდეო)

 

… როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე

მიუხედავად საუკუნეების განმავლობაში ქართული საზოგადოების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა, გადაგვარების მცდელობისა და სხვა მრავალი უარყოფითი მოვლენისა, ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი სათქმელი გავიტანოთ. სხვა საქმეა ვინ მოგვისმენს და ვინ როგორ გაითვალისწინებს, თუმცა ჩვენი საზოგადოების მთავარი ძალა ყოველთვის იყო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ამ ბრძოლამ მოგვიყვანა დღემდე. არც ქვეყანას უწერია გადაშენება. დღეისათვის საქართველო, შობადობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლიდერ ქვეყნებს შორის არ არის, მაგრამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, წლების განმავლობაში ახალშობილთა რაოდენობა მუდმივად და საგრძნობლად უსწრებს გარდაცვლილთა რიცხვს. სააგენტოს ინფორმაციით, წელს შობადობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით, შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23%-ით გადააჭარბა.