მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დღეს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერი და მმართველ გუნდში დარჩენილი წევრები ესწრებოდნენ. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა “პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან” დაკავშირებით, გუშინ ჩავარდა, რასაც რამდენიმე დეპუტატის მანდატის დატოვება, ოპოზიციის გაერთიანება და პარლამენტის შენობასთან აქციები მოჰყვა. შეხვედრის დაწყებამდე არც ერთ მონაწილეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის გადაწყვეტილება გაახმოვანა.
ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას: “იმედგაცრუებული“ ბიძინა ივანიშვილი და გულწრფელი წუხილი
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს ქვეყნის დასასრულს და მოუწოდა ოპოზიციის ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის ნაცვლად, დაიწყონ მზადება მომავალი არჩევნებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით, დემოკრატიულად და სამართლიანად. მან ასევე მწუხარება გამოთქვა გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ პარტიის დატოვების გამო და აღნიშნა, რომ მომავალში ქვეყნის განვითარებისთვის განსახორციელებელ რეფორმებში მათი მხარდაჭერის იმედი ექნებათ.
პარტიის ოფისში მორიგი შეხვედრა ხვალ, 11:00 საათზე ჩაინიშნა.