LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს არაერთი კომპანია ჩადებს საქართველოში ინვესტიციას – ლევან დავითაშვილი დავოსიდან

150
ლევან დავითაშვილი

საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით , – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული დელეგაცია ინვესტორ კომპანიებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.

„დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ძალიან ინტენსიური შეხვედრები იმართება ინვესტორ კომპანიებთან. ჩვენ გვქონდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა ძალიან ბევრ დაინტერესებულ კომპანიასთან. იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობენ და არის შანსი, რომ მათ გააფართოონ თავიანთი საინვესტიციო პროექტები საქართველოში, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც ჯერ რეგიონში არ არიან წარმოდგენილები. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო მოვლენების ფონზე ცენტრალური დერეფნით დაინტერესება საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების. ჩვენ ვისაუბრეთ ძირითად სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ასევე, ენერგეტიკის მიმართულებებზე, ზოგადად, სტუმარმასპინძლობის სფეროზე და სხვადასხვა დარგზე, სადაც საქართველოს მართლაც გამორჩეული პოტენციალი გააჩნია.

ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგი, რაც გულისხმობს დაკავშირებადობის აქტუალობას. ამაზე ევროკავშირის ხელმძღვანელმაც, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა. საუბარია ახალ დამაკავშირებელ შავი ზღვისქვეშა კაბელზე, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას ევროპასთან პირდაპირ დააკავშირებს და შესაძლებლობებზე, რომელიც საინვესტიციო კუთხით ჩნდება. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.