LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“21 ადგილზე გამოყენებულია უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს ან ბერა ივანიშვილს” – პროკურატურა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე განცხადებას ავრცელებს

54
bera 33

პროკურატურამ „ტვ პირველის“ ეთერში 6 მარტს გასული ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩანაწერი მოდელირებულია და აბსოლუტურად ყველა მათგანს მონტაჟის კვალი აღენიშნება.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების, ამ ეტაპზე დადგენილი გარემოებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ.

აღნიშნული აუდიო-ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, დაინტერსებულ პირთა მხრიდან ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერში მოსაუბრეთა ქმედებები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რაზეც კომპეტენტური უწყებები შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდნენ. ასევე, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ აუდიო ფაილები შექმნილი იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში.

გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის,  ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან  2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.

კერძოდ,  მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე.

ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის, ქურდული სამყაროს წევრობის, განზრახ მკვლელობის, ტერორიზმის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე მსჯავრდებულ პირთა ძებნის ფაქტებზე.

ხსენებულ საქმეთა მასალების შესწავლით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ. ფარული მიყურადების მასალებში, მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისთვის საფუძვლები იქმნებოდა უკანონოდ, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.

მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე უკანონო მოსმენა ხორციელდებოდა გიორგი წულაიას, ირაკლი მჭედლიშვილის, ვინმე ბესოს სახელით, ბერა ივანიშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე – გიორგი ფრუიძის, ვინმე გიგას, ვინმე სანდროს სახელით, ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე – უშანგი ხაფავას, თორნიკე ყიფიანის, ვინმე ზურას სახელით და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ასევე ფორმალურად შექმნილი საფუძვლებით და გამოგონილი სახელებითა და მეტსახელებით, გარდა დასახელებული პირებისა, ფარული სატელეფონო მიყურადება მასობრივად მიმდინარეობდა ასეულობით პირის მიმართ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, „ქართული ოცნების“ წევრების, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების,  მედია საშუალებების ხელმძღვანელების და ჟურნალისტების  კუთვნილ სატელეფონო ნომრებზე.

გამოძიების პროცესში გამოიკითხნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ან/და სხვაგვარად იყვნენ დაკავშირებული ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო მოსმენებთან.

მოწმეებმა დაადასტურეს 2011-2012 წლებში დასახელებულ პირთა მიმართ სატელეფონო მოსმენის ფაქტი და ამავე დროს თემატურად და ფრაგმენტულად გაიხსენეს საჯაროდ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე პირთა შორის წარმოებული დიალოგები.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის, მათ შორის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილის მიმართ დაიწყო შავი პიარის მასიური კამპანია, რასაც თან ახლდა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი განცხადებების თუ შეტყობინებების გავრცელება. უსაფრთხოების მიზნით, მუქარის შემცველი შეტყობინებები დაცვის სამსახურს გადაეცემოდა, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა.

დაცვის სამსახური ამოწმებდა კონკრეტული ინფორმაცია იყო თუ არა რეალური საფრთხის შემცველი.

გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ყველა ის პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც გამოძიებამ შეძლო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების გამოყენებით.
დადგინდა, რომ 2011 წელს მუქარის შემცველი შეტყობინებების გადამოწმების მიზნით, ბერა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, შეტყობინების ავტორებს ორ შემთხვევაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ. შეხვედრა შედგა მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორების საცხოვრებელ მისამართზე, მათივე მშობლების და მეზობლების თანდასწრებით.

შეხვედრისას არანაირ ძალადობას, მუქარას, იძულებას ან სხვა დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების საწყის ეტაპზევე, ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინება ტელეკომპანია „პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს “ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები.

ამავდროულად, ტელეკომპანიას და მის წარმომადგენლებს, როგორც საჯაროდ, ასევე უშუალოდ გამოკითხვის პროცესშიც, შეეთავაზათ, მათთვის მისაღებ დროსა და ვითარებაში, მათთვის მისაღები ფორმით, გამოძიებისთვის გადაეცათ ფარული აუდიო ჩანაწერების პირველადი, დაუმუშავებელი ვერსია.

მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი პროცესის არაერთგზის საჯარო განმარტებისა, საგამოძიებო უწყების მცდელობა, მოეპოვებინა ე.წ. ფარული ჩანაწერების დაუმუშავებელი ვერსია მისი ავთენტურობის დადგენის მიზნით, უსაფუძვლოდ გახდა მედიასაშუალებების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და შეფასდა, როგორც ტელეკომპანია „პირველში“ შეჭრის მცდელობა. საბოლოოდ, ტელეკომპანია „პირველს“ გამოძიებისთვის სიუჟეტში გასული ჩანაწერები ამ დრომდე არ გადაუცია.

ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების ტექსტობრივი გაშიფვრის, ჩანაწერებში მონაწილე პირთა რაოდენობის, მათი ასაკის და მათ შორის არსებული კომუნიკაციის ფორმის იდენტიფიცირების და არსებობის შემთხვევაში ჩანაწერებზე მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა.

მიღებული ექსპერტიზის დასკვნით მოხდა აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა ხმის იდენტიფიცირება და დადგინდა მათი საორიენტაციო ასაკი. კერძოდ, მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13 – 18 წლამდე დიაპაზონში. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში.
ფონოსკოპიური ექსპერტიზით ასევე დადგენილია, რომ აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა კომუნიკაციის ფორმა არის სატელეფონო.

კომუნიკაციის ფორმის, მოსაუბრეთა საორიენტაციო ასაკისა და მათი დაბადების თარიღების მხედველობაში მიღებით, კიდევ ერთხელ დასტურდება აუდიო ჩანაწერების მონტაჟისთვის სწორედ 2011-2012 წლებში განხორციელებული ფარული მიყუდარებების შედეგად მოპოვებული საუბრების გამოყენების ფაქტი.

მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 06 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.

ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო თუ ვიდეო მასალა შესაძლოა დამზადდეს მონტაჟის გზით, ისე რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას.

ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.

მონტაჟის პროცესში ამავდროულად გამოყენებულია პროგრამული იმპულსები, რომლებიც მეტყველების ნაწილის გარჩევას შეუძლებელს ხდის, ზოგ შემთხვევაში კი ახდენს ბგერების დამახინჯებას. მსგავსი მანიპულაციების ფონზე, მოსაუბრეთა მიერ რეალურად წარმოთქმული სიტყვებისგან მიღებულია დაინტერესებულ პირთათვის სასურველს მიმსგავსებული სიტყვები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად გამოყენებულია მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი.

ერთ-ერთ ასეთ ფაქტს წარმოადგენს მოდელირების კონკრეტული მაგალითი, სადაც აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენებ სიტყვებზე დაყრდნობით – ,,დაგირეკავენ მინისტრები“,  ვითარდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერები დამზადებული იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, რადგან გავრცელებული ჩანაწერის თანახმად თითქოსდა დიალოგისას ნახსენები იყო სიტყვა -მინისტრები.

ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა ,,მინისტრები“ საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები ,,მილი“ და ,,სტები“, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები.

ამდენად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს “ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. აუდიო ჩანაწერებს მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი, აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მონტაჟის გზით შექმნილ და ფალსიფიცირებულ აუდიო ჩანაწერებს არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით.

აქვე გვსურს ხაზგასმით განვაცხადოთ, რათა ავირიდოთ შემდგომი სპეკულაციები, რასაც წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, – კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის  ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით.

გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“. – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებურ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g