ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“აცრებზე გავრცელებული რამოდენიმე მცდარი მოსაზრების შესახებ:

1.”აცრებით ჩვენზე ფულს აკეთებენ”.

თუ ვაქცინის მოძრაობის პერიპეტიები იცი, მიხვდები რომ აბსოლუტური სისულელეა! ვაქცინას ქვეყანა მოიპოვებს დიდი ძალისხმევით, რიგის დაცვით, ჯანმოს ჩართულობით, ზოგჯერ სახელმწიფოთა შორისი მოლაპარაკებების საფუძველზე, სტანდარტული ფასით, ან ზოგ შემთხვევაში- ნაჩუქარია. ვაქცინას თავი დავანებოთ, ნებისმიერი რამის მოპოვებისას, შეძენისას, ფულის შოვნა რანაირი ლოგიკაა?? რაც შეეხება მოსახლეობაზე გადანაწილებას- ეს ხდება უფასოდ და ფული საერთოდ არ მონაწილეობს! თითო აცრაში სახელმწიფო კლინიკებს უხდის 2.5 ლარს, რაც კლინიკებისთვის ზარალია დანახარჯების გათვალისწინებით (4-5 პერსონალის ხელფასი, ხელთათმანები- 70 თეთრამდე აიწია მათი ფასი! მცირე მედიკამენტური დახმარება ზოგ შემთხვევაში), ამიტომ აცრას კლინიკები აღვიქვამთ როგორც ქვეყნისათვის დახმარებას, თუმცა დაგვპირდნენ, რომ ცოტათი მაინც დაუმატებდნენ თანხას, რომ ძალიან არ დავზარალდეთ. ანუ ეს მოსაზრება, ოდნავ მაინც თუ ხარ საქმეში ჩახედული (ზოგადად ვამბობ, ეკონომიკაში და არა ვაქცინაციის საქმეში)- სრული სიბრიყვეა.

2.”ქვეყანაში ანტივაქსერების რიცხვი მეტია, აცრის მსურველებზე”

შედით ამის მთქმელები პორტალზე! სამწუხაროდ ერთი ადგილიც არაა დასაჯავშნი დარჩენილი! იმ კვირიდან, რადგანაც ჩინურ ვაქცინას მისცეს კონფირმაცია, ვფიქრობთ ჩვენი კლინიკაც დაეხმაროს დამატებით და ორი კაბინეტი გავხსნათ. საერთოდ მიმაჩნია, რომ აღარაა საჭირო მარტო კლინიკებში მოხდეს აცრები- ეს იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო დაწესდა და არცერთ ქვეყანაში არაა ეს წესი- დიდი ფუფუნებაა ქვეყნისთვის და თან ვაქცინაციის პროცესს აფერხებს. რაც ყველაზე სასიხარულო და ამავე დროს მოსალოდნელიც იყო მათი პროგრესულობის გამო- ახალგაზრდებს აქვთ დიდი მოთხოვნა აცრებზე და ეს “ყურით მოთრეული” ანტივაქსერული სისულელეები სასაცილოდ არ ყოფნით. ძალიან ითხოვენ ჩვენი შვილების თაობა აცრას და რაიონებშიც კი ეწერებიან (ამიტომ თბილისშია ბევრად მეტი პუნქტი გასახსნელი!). პირდაპირი და არაპირდაპი ვაქსერების (” არა აცრის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ..”) ასაკი, ძირითადად 50 წლიდან იწყება და როგორც ყველა უმცირესობაში მყოფ ადამიანებს, ახასიათებთ ხმაურიანობა, რომ მეტი გამოჩნდნენ! 🙂არ გეწყინოთ, ბევრი ჩემი მეგობარი ხართ და ყველას რაღაც შინაგანი მიზეზები გაქვთ ამისთვის. როგორც ფსიქიატრი დავამატებ, რომ ამ მიზეზის ნამდვილი საფუძველია გაუცნობიერებელი შიში, მაგრამ რადგანაც შიში გაუცნობიერებელია, თქვენი გონება ეძებს გაცნობიერებულ, ფსევდოლოგიკურ მტკიცებულებებს იმისა, რომ თქვენი პოზიცია სწორია. და რადგანაც ინტერნეტმა მსოფლიო დიდ საჭორაო ბირჟად გადააქცია, ასეთ ფეიკ მასალებს რა გამოლევს აქ!🙂

3.”აცრის გაკეთების დროს ადამიანი გადამდებია ვირუსის და საშიშია”.

ალბათ სპეციალისტების ბრალია, რომ ასეთი სისულელე ფართედ გავრცელდა, არადა სულ მარტივი ასახსნელია სინამდვილე: “ასტრა ზენეკას”, “ფაიზერის” ვაქცინა დამზადებული ვირუსის დნმ-ით და ვირუსი საერთოდ არ შეჰყავთ აცრილის ორგანიზმში- ამიტომ ძალიან მარტივად, რანაირად შეიძლება გადადო სხვას ვირუსი, როცა ის შენ ორგანიზმში ვაქცინით არ შეუყვანიათ ??! “სინოფარმის” და სხვა ისეთი ვაქცინების შემთხვევაში, რომლებიც ტრადიციული მეთოდით, მოკვდინებული ვირუსითაა დამზადებული, რანაირად შეიძლება მკვდარი რამე გამრავლდეს და სხვა ორგანიზმში გადავიდეს??! გაგიგიათ ოდესმე, ბავშვობაში სახადებზე აცრილებს სხვისთვის გადაედოთ წითელა, ან ყივანახველა?? მილიონში ერთხელ, შეიძლება თავად მისცეს რეაქცია, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ გადადება შეუძლებელია! საქართველოში ხშირად მოხდა, რომ აცრა დაემთხვა დაავადების დაწყებას. ანუ, ვირუსი უკვე იყო ორგანიზმში, როცა ადამიანი აიცრა. ამ შემთხვევაშიც, თუ 4-5 დღე მაინცაა გასული აცრიდან დაავადებამდე, მაინც იცავს ეს აცრა დაავადების რთულად განვითარებისგან!!

4. ” აი ჩემი მეზობელი აიცრა, მაგრამ ანტისხეულები არ გამოუმუშავდათ”.

რატომ „არ გამომიმუშავდა“ ანტისხეულები ვაქციინაციის შემდეგ? – თამარ ჟამურაშვილი მიზეზს განმარტავს

აცრა კი არა, იმ ანტისხეულების გამომუშავების გარანტიას რომელსაც ვეძებთ (ჯი და ემ), გადატანილი დაავადება არ იძლევა! მაგალითად, ჩემს შვილებს არ გამოუმუშავდათ. მაგრამ იმუნოლოგია ურთულესი მეცნიერებაა! ჯერ კიდევ 40 წლის წინ როცა ვსწავლობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ადამიანის ორგანიზმი, უჯრედები, ურთულესი კომპიუტერია, თავისი მახსოვრებებით, სისტემური პასუხებით, სისხლით მიწოდებებით საჭირო ადგილზე!! არსებობს ლიმფოციტთა ბევრი სხვადასხვაობა, უჯრედული მეხსიერება და ა.შ. ექიმი, რომელიც არ ვარ იმუნოლოგი, ვერც გავბედავ დავიწყო ახსნა ამ ურთულესი უჯრედულ- კიბერნეტიკული მექანიზმის. თქვენ- მედიცინისგან შორს მყოფო კარგო ფიზიკოს-მშენებელ- დიასახლისებო, საიდან იცით ეს მექანიზმები ასე ზედმიწევნით, რამდენ ხანში ისწავლეთ და ვინ გყავდათ პედაგოგები?… საყვედურისთვის არ ვამბობ, მართლა რთული საპასუხო მექანიზმებია, მართლა კომპიუტერულ დონეზე. ოღონდ იმ ხარისხის კომპიუტერია ჩვენი ორგანიზმი, რომელიც კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონია. ვაქცინების გამომშვებმა კომპანიებმაც ძირითადად ის ანტისხეულები დათვალეს ვაქცინირებულებზე, რომელსაც ახლა ჩვენც ვითვლით და გამოიტანეს დასკვნები და თუ ავიღებთ ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ ვაქცინათა ეფექტურობის საშუალო მაჩვენებელს, ის მერყეობს 75-80% მდე. ანუ, 25-20% შეიძლება დაავადდეს აცრის მიუხედავად, თუმცა როცა ვთქვი რომ არსებობს ჯი და ემ ანტისხეულების გარდა სხვა დაცვითი მექანიზმები, ნიშნავს იმასაც, რომ აცრილს რომც დაემართოს კოვიდ 19, მიმდინარეობა იქნება მსუბუქი და ამის უკვე ბევრი მაგალითია ჩვენთანაც. ჩემი ბავშვობის მეგობარი საბედნიეროდ აიცრა და 5-6 დღეში დაეწყო დაავადება. მისი მონაცემების ადამიანს ძალიან რთულად წაუვიდოდა დაავადება (თითქმის ყოველთვის ვხვდებით, როცა ასე იქნება), მაგრამ აცრამ იმდენი შეძლო, რომ სტაციონირების გარეშეც რამოდენიმე დღეში გაჯანმრთელდა და ამ პარასკევს სამსახურშიც მისულა”- წერს დავით გადელია.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები