5 715 გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებლობა მიეცათ 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოს სპეციალური განაცხადის ფორმით, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს შესაბამისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები.

„ამ დროისთვის, სულ შემოსულია 6 444 გადამხდელის განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა 5 715 განაცხადი. ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება განაცხადთა დამუშავების პროცესი. გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 145 761 807 ლარს. აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპზე, ტურიზმის მხარდაჭერისთვის უკვე გათვალისწინებულია შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები: 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები. ამასთან, მათთვის დაწესებული საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდება საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც და ნაცვლად პირველი ნოემბრისა, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება მათ მიმდინარე წლის ბოლომდე გადაუვადდებათ“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05