ის, რომ პირბადის ტარება, შესაძლოა, პრევენციის ვაქცინაზე უკეთესი საშუალება იყოს, ამაზე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გასული წლის სექტემბერში საუბრობდა. მაშინ ცენტრის დირექტორმა, რედფილდმა განმარტა, რომ პირბადე ამჟამად საზოგადო ჯანდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია და ის ჩვენი საუკეთესო თავდაცვაა.
დღეს, როცა მსოფლიოში ვაქცინაცია დაწყებულია და ჩვენი ქვეყანაც განიხილავს სამი ვაქცინის „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ შემოტანის საკითხს, მედიკოსები იმ მიზეზებს ასახელებენ, თუ რატომ მოგვიწევს პირბადის ტარება ვაქცინაციის შემდგომ.
აშშ-ს გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი, ექიმი ევგენია, ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აიცრა და ვაქცინის უკვე მეორე დოზაც მიიღო. მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ პირბადეს მაინც ატარებს.
”გულწრფელად არ ვფიქრობ, რომ სამსახურში ოდესმე ნიღბის გარეშე წავალ”.- ამბობს ევგენია.
გთავაზობთ, ექსპერტების მიერ დასახელებული არგუმენტების ჩამონათვალს:
არცერთ ვაქცინას არ აქვს 100%-იანი ეფექტურობა
ვიცით, რომ კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა Moderna და Pfizer-BioNTech ვაქცინების ეფექტურობა. ასევე, ისიც, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა პაციენტმა ორჯერ უნდა გაიკეთოს. მაგალითად „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზა ადამიანმა პირველი დოზის გაკეთებიდან 3 კვირაში უნდა მიიღოს. “მოდერნასი” კი – 4 კვირის შემდეგ.
ადამიანებს ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გარკვეულ დონეზე, უკვე ექნებათ ვირუსისგან დაცვა. თუმცა, სრულ დაცვას ისინი ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე კვირაში მიიღებენ.
ვაქცინის ეფექტი მომენტალური არ არის
ვინაიდან წამლის ამოქმედებას გარკვეული დრო დასჭირდება, მის სრულ ამოქმედებამდე ადამიანი შეიძლება კვლავ დაუცველი იყოს ვირუსისგან.
ექსპერტი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის, უცნობია, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები ადამიანებს მთლიანად ინფექციისგან იცავენ, თუ, მხოლოდ სიმპტომებისგან.
შესაბამისად, მისი თქმით, შესაძლოა, ადამიანმა ინფექცია კვლავ გადასდოს სხვებს, თუმცა, მისივე თქმით, ეს გაცილებით მსუბუქ ფორმებში მოხდება.
კიდევ ერთი მიზეზი პირბადის ტარებისა არის ის მოცემულობა, რის წინაშეც მსოფლიო დგას. საქმე ისაა, რომ მილიონობით ადამიანის აცრას თვეები დასჭირდება.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მიზეზად სახელდება ის, რომ პირბადე იცავს კორონავირუსის ნებისმიერ შტამს, გენეტიკური მუტაციების მიუხედავად.
ასევე, ნიღაბი იცავს სუსტი იმუნური სისტემის ადამიანებს.