28 თებერვალს, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, რუსულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინულ დელეგაციას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავიდ არახამია წარმოადგენდა.
მოლაპარაკებების შემდეგ, თავისუფალი ჩაცმის სტილით ცნობილი, ქართული წარმოშობის პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი არ წყდება.
“ზელენსკის მთავარი წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე ქართველი, მეტიც, აფხაზეთიდანაა დევნილი…”
დავით არახამიას შესახებ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემაც. მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ელჩს კონსულტაციების გამო გაიწვია საქართველოდან, დავით არახამიამ ირაკლი კობახიძის კრიტიკა დაიმსახურა:
„აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეული იქნეს სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.
აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავად აღნიშნა, მისი “დაფრთიანებულია”.
უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი, ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ”, – თქვა კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა მასზე სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ მან პოლიტიკური კარიერა მის პარტიაში, ახალ ძალთა მოძრაობაში დაიწყო და აქვე გააჟღერა ინფორმაცია, რომ მამამისი ბატალიონ „გაგრას“ მეთაური იყო.
ბიზნესმენ დავით არახამიას შესახებ შევეცადეთ, ყველანაირი ინფორმაცია მოგვეძიებინა.
დავით არახამია მეტსახელად ბრაუნი 1979 წელს, 23 აგვისტოს დაიბადა. მისი ოჯახი გაგრაში ცხოვრობდა, შემდეგ კი უკრაინაში, კერძოდ ქალაქ ნიკოლაევში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა რაღაც პერიოდი ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაშიც სწავლობდა.
გაგრაში გატარებული წლები მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს გაიხსენა:
„ბავშვობა ყოველთვის იმაზე უკეთესი გახსენდება, ვიდრე იყო სინამდვილეში. თუმცა მე მართლა მაგარი ბავშვობა მქონდა, რადგან გაგრა ნამდვილი მარგალიტი იყო, როგორც ადრე უწოდებდნენ.
ყველა, მათ შორის საბჭოთა კავშირის მთელი პარტიული ხელმძღვანელობა ჩადიოდა იქ. იყო უამრავი აგარაკი. გვქონდა პარკი, სადაც მრავალი ეგზოტიკური მცენარე ხარობდა, სადაც ფარშავანგები არხეინად სეირნობდნენ…
და რაკი იქ გავიზარდე, მეჩვენებოდა, რომ ყველგან ასე უნდა ყოფილიყო. როცა იქიდან წამოვედით, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომ იქ ცხოვრობს ხალხი, სტუმართმოყვარე ხალხი, რომელსაც უყვარს ერთმანეთის დაპატიჟება. ჩვენ ვცხოვრობდით ეზოში, სადაც მეზობლები იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ ლოტოს. ეს არის ძალიან სოციალური ქვეყანა. ერთი სიტყვით, ბევრი კარგი შთაბეჭდილება მაქვს“, – ამბობს არახამია.
საქართველოში მას ბევრი ნათესავი და მეგობარი ჰყავს:
„ჩემი დიდი ბებია, ბებია და სამი ბიძა, – ერთი მათ შორის ძმასავით არის, რადგან ჩვენ შორის სულ ორი წელია სხვაობა, – ყველანი თბილისში ცხოვრობენ“, – ამბობს ბიზნესმენი.
დავით არახამიაზე, რომელიც უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეა, უცხოური მედიაც ბევრს წერს.
მეტსახელ „ბრაუნზე“ საუბრისას ის ამბობს, რომ მისი გვარი ინგლისურად საკმაოდ რთულად ჟღერს და გადაწყვიტა, გამოსავალი მოეძებნა, როგორც ეს ამერიკაშია მიღებული.
ერთ მშვენიერ დღეს სახლში „ბრაუნის“ ფირმის საპარსი აღმოაჩინა და გადაწყვიტა, რომ ეს მისი ფსევდონიმი იქნებოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ის მეორე ქორწინებაში იმყოფება და 6 შვილი ჰყავს.
მის მეუღლე – ვიქტორია არახამიაზე ბევრი ინფორმაცია არ იძებნება.
არახამიას ექვსივე შვილის სახელი დ – ასოზე იწყება. ერთ-ერთს მამამისის სახელი ჰქვია.
დავითი, დანიელი, დანა, დარიკა, ტყუპი – დემი და დენის არახამიები მცირეწლოვნები არიან.
2019 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ცოლ-ქმარი არახამიები საკმაოდ შთამბეჭდავ ქონებას ფლობენ. არახამიებს აქვთ ოთხი მიწის ნაკვეთი კიევის რეგიონში, ვიტა ფოჩტოვაში და ასევე 295,7 კვ. მეტრი აგარაკი.
2020 წლის ივლისში ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სახალხო დეპუტატს სახლის მშენებლობა 983 000 გრივნა დაუჯდა. არახამიას ეს სასახლე მდებარეობს ნოვიტას მებაღეობის საზოგადოების ტერიტორიაზე, ანუ გრინ ჰილზის კოტეჯში. კიევიდან 10 კილომეტრში ოდესის გზატკეცილის გასწვრივ.
გარდა ამისა წყვილს არაერთი ბინა აქვს უკრაინაში. არახამიას მეუღლეს წილები აქვს კომპანია Global Bay Venture Limited- ში, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.
2021 წელს არახამია ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მას და მის მეუღლეს კიდევ უნდათ, რომ შვილები ჰყავდეთ, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თავად გააჩინონ, თუ იშვილონ.
მას უყვარს უმაღლეს რადაში დრესკოდის დარღვევა.
ეს ძირითადად მის ფეხსაცმელს ეხება. დავითი უპირატესობას სპორტულ ფეხსაცმელს ანიჭებს. ის მათ პარლამენტშიც ატარებს.
აღსანიშნავია, რომ 2019 -2021 წლებში ჟურნალ НВ-ვერსიით 100 ყველაზე გავლენიან უკრაინელს შორის მოხვდა.