,,9-ში, 9 საათზე ეთერში უნდა ვიყოთ, სხვა გზა არ არსებობს, იქნება უფრო მეტი ახალი ამბავი”- ამის შესახებ ,,მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ კავკასიის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ,,მთავარი არხის” ჟურნალისტები დღეს უკვე ახალ ნიუსრუმში იმუშავებენ, პარალელურად მიმდინარეობს სტუდიის მონტაჟი. მელაძის განცხადებით, მათი მთავარი მიზანია იყვნენ პირველები ყველგან და იმედს გამოთქვამს, რომ მაყურებელი საწყის ეტაპზე გარკვეულ ხარვეზებს აპატიებს.
,,დავიწყეთ გადაღებებზე სიარული, მოვლენებს ნელ-ნელა ვითვისებთ. დავიწყეთ თემატური რეპორტაჟების გადაღება, რასაც მაყურებელი მიჩვეული იყო. გავაკეთებთ იმ თემებს, რასაც მაყურებელი ვერ ნახავს სხვაგან. მთავარი იქნება ისეთი შეუპოვარი, როგორც ეკადრება. ბოდიში მაყურებელს, თავიდან იქნება ალბათ, ხარვეზი, ბევრი ტექნიკური წუნი…”
,,მთავარი არხის” სამზადისი ეთერამდე: ,,გიჟებივით გავრბივართ რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ”
ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება არხზე განსხვავებული, ნოდარ მელაძე პასუხობს, რომ არხი ტექნიკური რესურსის სიმწირის მიუხედავად, ექსკლუზივებზე იქნება ორიენტირებული.
,, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში კურიერი სულ იყო მოსახლეობის ცხოვრების ნაწილი,გამძაფრებული ტელეყურებადობა და განცდები ჰქონდა ადამიანებს. ფაქტია, რომ კურიერის და მისი გუნდის გარეშე, რუსთავი 2 არის ისტორიულ მინიმუმზე რეიტინგის. რუსთავი 2 ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, თუმცა ეს უკვე წარსულია. დღეს უნდა გავაკეთოთ პროდუქტი, რომელიც ადამიანების მოთხოვნას დააკმაყოფილებს
ნელ-ნელა ადამიანები მოძებნიან ,,მთავარ არხს”. 10 საათიან ზოლში იქნება პოლიტიკური თოქ-შოუები, დანარჩენ ზოლში კი საინფორმაციო გამოშვებები. არ ვიტყვით უარს იმ რეპორტაჟებზე, რომელიც იყო ჩვენი თემები ანუ ამბები, რომლებსაც ვიგებდით ჩვენ.
იქნება P.S, შაბათის კურიერი, მთავარის საინფორმაციო და პოლიტიკური თოქშოუები. მალე ჩავუშვებთ დილის გადაცემებს, იქნება ვანოს შოუ პირველივე კვირაში, ასევე ნანუკას შოუ. უახლოეს მომავალში ჩაეშვება კომედი შოუ”- განაცხადა მელაძემ
მანვე განმარტა, რომ რუსთავი 2 -ის გუნდმა უპრეცედენტო მასშტაბის ერთიანობა დაანახა საზოგადოებას
,,პაატა სალია არის რუსთავი 2 -ის მესაფლავე, ის ვეღარასდროს აღადგენს ტელევიზიას. დღეს ეს ტელევიზია არის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილება. ძალიან გაუჭირდა სალიას ჟურნალისტების დათანხმება. არ მიყვარს, ჩვენს კოლეგებზე საჯაროდ საუბარი, ზოგიერთს სინდისიც არ გააჩნია, ტუმცა, ამის მიუხედავად არ ვილაპარაკებ”- თქვა ნოდარ მელაძემ
მთავარი არხი მაუწყებლობას 9 სექტემბერს საღამოს 9 საათიდან დაიწყებს. ტელეკომპანია დროებით „იბერიის“ შენობაში განთავსდა.