LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აბსოლუტურად ჯანმრთელმა დავიძინე და დილით, პრაქტიკულად ადგომა ვეღარ შევძელი…” – როგორ ამოვიცნოთ რევმატოიდული ართრიტი

3332
BeFunky-collage (4)

რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტები მკურნალობის ხელმისაწვდომობას ითხოვენ. საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ექიმი რევმატოლოგები, პაციენტები და მათი მხარდაჭერები სახელმწიფო სტრუქტურებს დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობას ახსენებენ.

დაავადების, მისი მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ ბარიერებსა და ბიოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის დამფუძნებელმა, პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა,  ამჯერად, პაციენტის რანგში “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წლიდან არის დაავადებული რევმატოიდული ართრიტით.

ინგა მამუჩიშვილის განცხადებით, ეს საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელიც ძირითადად სახსრების დაზიანებით ხასიათდება.

“სახსრების ანთებითი პროცესი, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით ვლიდება. ძირითადად ეს სიმპტომი ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ გამოიხატება. ესენია: სახსრების შეშუპება, ტკვილი, ხშირ შემთხვევაში გაუსაძლისი ტკივილი.

მაგალითად, ჩემს შემთხვევაში აბსოლუტურად ჯანმრთელმა დავიძინე და დილით, პრაქტიკულად ადგომა ვეღარ შევძელი. ეს ასე უცებ, ერთ დღეში შეიძლება გამოვლინდეს. ჩემს შემთხვევაში ვთვლი, რომ ამ დაავდების მაპროვოცირებელი იყო, წინა პერიოდში გადატანილი სტრესი. მქონდა შეშუპებული მუხლი და ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომელიც შეიძლება ამ დაავადების დროს გამოვლინდეს არის დილის შემოჭილება. როდესაც შენ დილას დგები და აბსოლუტურად  ყველა სახსარი შებოჭილია. ვერ ადგამ ფეხს. დაახლოებით, ნახევარი საათი, 40 წუთი მაინც გჭირდება, რომ ნაბიჯი გადადგა. თუნდაც შეძლო ის, რომ ყავის ჭიქა აწიო ხელით და მიიტანო პირთან. საშინელი სიპტომატიკა ახასიათებს ამ დაავდებას.

თუმცა, დაავადება ე.წ. მულტიორგანული დაზიანებით მიმდინარეობს შემდგომში. თუ თავის დროზე არ იმკურნალა პაციენტმა და შესაძლოა, მრავალი ორგანოსა და სისტემის დაზიანებაც მოხდეს. ამიტომ ამ დაავადების შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან მიმართვიანობის დროულობას.

ამიტომ ჩვენ შევქმენით პაციენტთა კავშირი, რომ აგვემაღლებინა პაციენტებში ინფორმირებულობა. ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი დაიჩივლებს, რომ რაღაც პრობლემა აქვს სახსარში, ტკივა დილით თითები, წვრილი სახსრები განსაკუთრებით, შებოჭილობა აქვს, ვიღაცამ შეიძლება ურჩიოს, რომ იცი რა, შენ მარილები გექნება. მოდი, გაიკეთე აბაზანები, მიიღე ეს მედიკამენტები, აუცილებლად გიშველის, ანდა შენ აუცილებლად გექნება D ვიტამინის ნაკლებობა და მოდი, აბა, მიიღე. ამ თვითმკურნალობის პროცესებში იკარგება ძვირფასი დრო. ამ დაავადებას შეუძლია დააზიანოს თვალი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყველამ, ოჯახის ექიმმაც უნდა იცოდეს, სად გადაამისამართოს”- განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის დამფუძნებელმა დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“დაავადება სწრაფად პროგრესირებადია. დროთა განმავლობაში ამ დაავადებამ შეიძლება, სამუშაო პორტფელი დაგატოვებინოს და გაქციოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად. ამიტომ სასურველია მისი დიაგნოსტირება მოხდეს სამი თვიდან ექვს თვემდე პერიოდში მაინც. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორ მძლავრ ფაქტორს.

ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც პაციენტს უნდა ჰქონდეს ისეთ დონეზე, რომ სულიერად არ დაეცეს. ეს დაავადება ნერვულ სისტემაზე საოცრად მოქმედებს. ჯერ ვერ იცვამ ქუსლიან ფეხსაცმელს, ვეღარ მართავ მანქანას, დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს. შეიძლება ასოციალური გაგხადოს.

მე, რომელიც ბავშვების გარეშე ვერ ვძლებ, მქონდა პერიოდი, როდესაც ჩაკეტილი ვიყავი. მდგრადი ფსიქიკა უნდა გქონდეს აუცილებლად და უნდა ენდო იმ ექიმს, ვისთანაც მიხვედი, მხედველობაში მყავს რა თქმა უნდა, კარგი, კვალიფიციური რევმატოლოგი, რომელიც ამ მკურნალობას დანიშნავს”, – განაცხადა პედიატრმა.

რაც შეეხება მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ ბარიერებს, ინგა მამუჩიშვილის განცხადებით, ბიოლოგიური პრეპარატები ძალიან ძვირია და ის “ჩვეულებრივი მოკვდავისთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკულად, ვერასდროს გახდება”.

“თავიდან მკურნალობა იწყება მედიკამენტებით, რომლებიც შედარებით ხელმისაწვდომია. მე 4 წლის განმავლობაში ვღებულობდი მედიკამენტებს, ამის შემდეგ დამეწყო ამ მედიკამენტების აუტანლობა. ასეთ შემთხვევაში არსებობს ბიოლოგიური პრეპარატები, რომელიც იძლევა არაჩვეულებრივ შედეგს. თუნდაც ის, რომ სახსრებმა არ მოახდინონ დეფორმაცია და შენ არ გახდეს შშმ პირი. ყველა ცივილურ ქვეყანაში, აშშ-ში, ევროპაში ასეთ პაციენტებს სახელმწიფო უდგას გვერდში. სადაზღვეო კომპანიები აფინანსებენ. ჩვენც ხომ შეიძლება ეს გვქონდეს და მივიღოთ.

თუნდაც გარკვეული პროცენტი იყოს დაფინანსების და ამის მეშვეობით მოხდეს ჩვენი მკურნალობა იმ ადამიანების, რომლებმაც ვერ ავიტანეთ ჩვეულებრივი მკურნალობა ან ვერ მივიღეთ შედეგი. მე მაგალითად, შედეგი ვერ მივიღე, სანამ ამ ბიოლოგიურ პრეპარატზე არ გადავედი”, – თქვა ინგა მამუჩიშვილმა.

წამყვანის შეკითხვაზე, როგორია სტატისტიკა, გავრცელების სავარაუდო ასაკობრივი ზღვარი, ინგა მამუჩიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მსგავსი სტატისიტიკა არ არსებობს.

“მსოფლიო მოსახლეობის 1% არის დაავადებული რევმატოიდული ართრიტით. ავადდებიან უფრო ქალები. პროგრესირება ამ დაავადების ხდება 45 წლის ასაკის ზემოთ, მაგრამ ბავშვებშიც უამრავი პაციენტი გვყავს.

ყოველთვის ვამბობ, რომ რა ბედნიერება, როდესაც ბავშვებში არსებობს უფასო სახელმწიფო პროგრამა ამ ბიოლოგიური პრეპარატებით, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი მკურნალობას, მით უფრო ადრეა შედეგი”.- განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.