27 მარტს, ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსდა სტატია სათაურით „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს“. აღნიშნულ სტატიას „პალიტრა მედია„ განცხადებით ეხმაურება.
„ფორტუნა“ „პალიტრა მედიის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ეს ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები.
„პალიტრა მედია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე. თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „პალიტრა მედია“ არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ.
„პალიტრა მედიის“ ყველა ორგანიზაციის და, მათ შორის, ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ყველა შემოსავალი და ხარჯი, გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
„პალიტრა მედია“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, პოლიტიკოსს და საზოგადოების წარმომადგენელს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან, ტირაჟირებისგან და მასზე კომენტარის გაკეთებისგან“. – აღნიშნულია „პალიტრა მედიის“ განცხადებაში.