LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებზე, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა: NDI 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალიზს აქვეყნებს

73
ndi

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებზე, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა“, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალიზშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავრცელებულმა თავდასხმებმა არჩევნების პირველი და მეორე ტურის დღეებში და მათი თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის მცდელობამ მთლიან პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა საარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გარემოს, ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

NDI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა.

საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით, NDI ქართულ მხარეებს რეკომენდაციებს სთავაზობს და მათ განხორციელებაში მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს.

„საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე ეროვნული დონის საკითხები დომინირებდა, რამაც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები გადაფარა. არჩევნები მეტწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ამომრჩევლებისა და კანდიდატების შევიწროების შესახებ წუხილები კვლავ აქტუალურია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, საარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით კი პოლიტიკური გარემოს, ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის კონტექსტში გაიმართა. ბევრი ამ პროცესს პარტიების დემოკრატიული ორიენტაციის ლაკმუსის ტესტად განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, მოქალაქეები ადგილობრივ საჭიროებებსა და მმართველობაზე ფოკუსირდებიან, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების პერსპექტივამ, პოლიტიკური ფსონები ყველა მხარისთვის გაზარდა. უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა.

საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა. საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიის წევრებმა და ადგილობრივმა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აჩვენეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, უზრუნველყონ საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული პროგრესი. ასევე აღსანიშნავია გარკვეული გაუმჯობესება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის მიმართულებით, როგორიცაა, მაგალითად, ცესკოს სხდომებისა და პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების შესარჩევი გასაუბრებების ონლაინ გაშუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე არსებული მონაცემების უფრო ხელმისაწვდომ ფორმატში გამოქვეყნება.

თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ისევე როგორც წინა წლებში, პარტიული რესურსების დისბალანსმა, კამპანიების დაფინანსების არასაკმარის ზედამხედველობასთან და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებულ უპირატესობებთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარპოლიტიკურ ველს.

გაფართოებული პოლიტიკური წარმომადგენლობის, გაზრდილი გამჭვირვალობისა და საჩივრების წარდგენის პროცესის გაუმჯობესების მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების პოლიტიკური ნეიტრალიტეტში კვლავ ეჭვი შეაქვთ. პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავდა. მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავრცელებულმა თავდასხმებმა არჩევნების პირველი და მეორე ტურის დღეებში და მათი თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის მცდელობამ მთლიან პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.

გამოწვევად რჩება ქალებისა და უმცირესობების, ისევე როგორც სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა. მიუხედავად სავალდებულო გენდერული კვოტების ხარჯზე პროპორციულ სიებში ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობისა, მაჟორიტარული სისტემით წარდგენილი ქალი კანდიდატებისა და არჩეული ქალების რაოდენობა მცირე იყო: 2021 წელს არჩეული მაჟორიტარი ქალების რაოდენობა (37 ქალი) 2014 წელს არჩეული ქალების რაოდენობაზე 0.4 პროცენტით ნაკლებია.

არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდგომ პოლიტიკური აქტორების გარკვეული ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ამცირებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა არჩევნებს შორის პერიოდში თავიანთი პასუხისმგებლობა შეასრულონ და ამომრჩეველთა ინტერესები გაატარონ. საჯარო თანამდებობის
პირებს ინკლუზიური და პლურალისტური პრინციპებით მოქმედების ვალდებულება ეკისრებათ. ეს ანგარიშვალდებული მმართველობისთვის აუცილებელი ნაწილია, რაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. საჭიროა კეთილსინდისიერი ძალისხმევის გამოჩენა, პოლიტიკური განხეთქილების გადალახვა და შიდა პოლიტიკური რეფლექსია, რათა მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა იქნას უზრუნველყოფილი.

რეკომენდაციები

საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით, NDI ქართულ მხარეებს შემდგომ რეკომენდაციებს სთავაზობს და ასევე მათ განხორციელებაში მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს:

  • მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, პარტიებმა პოლიტიკური განხეთქილებების გადასალახად, საზოგადოების წინაშე თავიანთი პასუხისმგებლობის შესასრულებლად და ამომრჩეველთა ინტერესების გასატარებლად კეთილსინდისიერი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ.
  • უნდა შეიქმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები იმისთვის, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა არჩევნების პერიოდში მიუკერძოებლობა გამოიჩინონ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღკვეთონ. ხოლო სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ამომრჩევლისა და კანდიდატის დაშინებისა და შევიწროების სავარაუდო ფაქტები.
  • კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა დაზედამხედველობის გასაზრდელად, სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელი უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების წესების ყველა შესაძლო დარღვევის, მათ შორის პოტენციური უკანონო შემოსავლების, არადეკლარირებული ხარჯებისა და მესამე მხარის ხარჯების, სისტემატურად გადამოწმებაზე. ფინანსური ანგარიშგების ანალიზი დროულად უნდა ჩატარდეს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
  • ამომრჩევლის ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფის მიზნით, არჩევნების პერიოდში მედია რეგულაციები და პრაქტიკა უნდა გადაიხედოს, რათა გადაიჭრას გამოვლენილი პრობლემები, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა ჟურნალისტებზე ძალადობა, მედიის მიერ არჩევნების გაშუქება, საარჩევნო სუბიექტების წვდომა მედიაზე და კანდიდატთა დებატები.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებს შორის პერიოდში მოქალაქეები აქტიურად უნდა ჩართონ. პარტიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ინკლუზიური კამპანიების გზით მათი პლატფორმები და პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროებებს ასახავდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური პროგრამები და პლატფორმები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ უნდა განავითარონ. ამასთან, მათ ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარების მკაფიო გზები უნდა შესთავაზონ.
  • ადრე გაცემული რეკომენდაციის მსგავსად, NDI მიიჩნევს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ პატივი უნდა სცეს ადგილობრივი დამკვირვებლების ჭეშმარიტი და მიუკერძოებელი დაკვირვების მიზანს. სამოქალაქო სექტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თავისი როლის შესრულება, თუ იგი არჩევნების შემდგომი პერიოდისა და მომავალი საარჩევნო ციკლების განმავლობაში ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან არასათანადო გავლენისა და ზეწოლისგან თავისუფალი დარჩება. თავის მხრივ, ყველა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ თავისი
    საქმიანობა იმგვარად უნდა განაგრძონ, რომ ის დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე და პოლიტიკურად მიუკერძოებელ ანალიზზე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მაღალ ჩართულობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე. ასეთი მიდგომა საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობას გააძლიერებს. მისიის შესახებ არჩევნების შეფასების გრძელვადიანი მცირე ზომის მისია 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის NDI-ის მრავალკომპონენტიანი პროგრამის ნაწილი იყო. დამატებით, აგვისტოს ბოლოს NDI-ის საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინ
    შეხვედრები გამართა. შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავდა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს. არჩევნების დღის წინ NDI-იმ საქართველოში ექსპერტების გუნდი მოავლინა, რომელმაც მაღალი დონის შეხვედრები გამართა, რათა არჩევნების დღისთვის არსებული პროგრესი შეეფასებინა და არჩევნებში კონსტრუქციული ჩართულობის მნიშვნელობისთვის კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

NDI-ის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამა საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელდა. NDI-ს მისი 35 წლიანი ისტორიის მანძილზე მსოფლიოს ყველა რეგიონში 250-ზე მეტი არჩევნების სადამკვირვებლო მისია აქვს განხორციელებული, მათ შორის საქართველოში 1991 წლიდან ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნებზე.

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.

NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა
კუთხეში პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ გააძლიეროს და დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, პროცესები, ნორმები და ღირებულებები, რათა ყველასთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხი უზრუნველყოს. NDI მსოფლიოს ხედავს როგორც ადგილს, სადაც დემოკრატია და თავისუფლება იმარჯვებს და ყველას ღირსება დაცულია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g