ზურაბ ბირიაშვილი, მოქალაქე, რომელმაც ე.წ. უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე თვალი დაკარგა, „შაბათის ფორმულას” ეთერში ტრავმის მიღების მომენტს იხსენებს.
როგორც აქტივისტი აღნიშნავს, დემონსტრაციაზე ახალგაზრდობის გამო მივიდა და სურს, რომ მომავალმა თაობამ ევროპულ საქართველოში იცხოვროს.
„მთავარია ჩვენი ბავშვები იყვნენ კარგად და ევროპულ ქვეყანაში იცხოვრონ, რუსეთის მაგივრად. მე ჩვენი ახალგაზრდობის გამო გავედი იქ. გამოუშვეს წყლის ჭავლი, რომ მომესხა გავბრაზდი და დავიწყე გინება, მერე კიდე მოუშვეს და რომ მოვტრიალდი, რაღაცები გაისროლეს და რაღაც ნივთები მომხვდა. იქ ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო – გაუმარჯოს ღმერთმა ახალგაზრდებს, ისინი დამეხმარნენ, მომიყვანეს სასწრაფოს მანქანამდე”, – იხსენებს ბირიაშვილი.
მისივე თქმით, სახელმწიფომ მკურნალობის თანხები სრულად არ აუნაზღაურა და დარჩენილი თანხა 1 თვის მანძილზე უნდა დაფაროს.
„არ მიმიმართავს სახელმწიფოს არანაირი დაფინანსებისთვის. შეიძლება არც იციან რომ დაზარალებული ვარ. ახლა კონტრაქტით გამომიშვეს, 1 თვის განმავლობაში უნდა დავფარო ის თანხა”, – ამბობს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ რამდენიმე დღე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ ხსენებული კანონი უკან გაიწვია.