LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ საქმეში გვინდა ქართველების გვერდით ვიდგეთ”: ზალკანიანის ვიზიტი აშშ-ში და შეხვედრა “კრიტიკული წერილების” ავტორებთან

132
zalkaliani-16-52-26 (1)

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ აშშ-სგან “კრიტიკული” წერილების სერია მიიღო, მმართველმა პარტიამ პარტნიორ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტები დაგეგმა. როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობდნენ, აშშ-ს არასწორი ინფორმაციები აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და “რეალობას აცდენილი” მოსაზრებების გასარკვევად, ოკეანის გაღმა პირველი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაამგზავრეს.

დავით ზალკანიანის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან და სენატორებთან 5 თებერვალს დაიწყო და პორველი სწორედ ის კონგრესმენი იყო, რომელმაც წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გამოუგზავნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მათ მიიღეს გარანტიები, რომ „ვითარება შეიცვლება“.

დემოკრატია შესუსტებულია: აშშ-დან ისევ წერილია ბატონო პრემიერო!

“ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც აშშ-ს ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა. თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ, მათ სურთ თავისუფალი და განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ”, – განუცხადა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკანიანთან შეხვედრის შემდეგ.

სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

ზალკანიანმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას ქონდა „გულწრფელი საუბარი მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის”. მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში განიხილება მაღალი სტანდარტების დემოკრატიად და სწორედ ამ მაღალი მოთხოვნებისა და მოლოდინებიდან გამომდინარე მომდინარეობს პარტნიორების წერილების სულისკვეთებაც.

„ბუნებრივია, მქონდა კარგი საშუალება იმისათვის, რომ მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საუბარი იყო მათ წერილში. ვაცნობე იმ პროცესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე იმ რეკომენდაციების შესახებ, რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისგან მოდის. დავუდასტურე სენატორებს, რომ საქართველო ერთგულია იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც არის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ჩვენი ევროპული კურსის და რომლის შემადგენელიც არის დემოკრატიული არჩევნები. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, ეს იყო კარგი შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ წარმატებებზე. მათ ცხადად დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანა კიდევ ურო გაძლიერდეს და წინ წავიდეს, მათ შორის მძლავრი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

“შინაარსი აცდენილია ფაქტობრივ რეალობას” – კონგრესმენების კრიტიკას “ოცნება” უცვლელი განცხადებით პასუხობს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდენ ერთი შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც დავით ზალკანიანი რესპუბლიკელ კონგრესმენს, დევინ ნუნესს შეხვდა. უწყების ცნობით, კონგრესმენმა აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შეერთებული შტატები დაინტერესებულია განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პარალელურად.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას. ტრამპის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელები კონგრესში ვცდილობთ და გვსურს, რომ ნატო იყოს უფრო გაძლიერებული და უზრუნველყოფილი, რათა შეძლოს ისეთი ქვეყნების დახმარება, როგორიც საქართველოა. საქართველო დიდ ძალისხმევას წევს ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, ურთიერთობის გაძლიერების და თქვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე,“ – განაცხადა კონგრესმენა ნენუსმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა.

გიორგი ვაშაძე ზალკანიანის ვიზიტზე:

„ჩავიდა დავით ზალკანიანი აშშ-ში, ვითომ თავისი ჭკუით სენატორებს რაღაც აუხსენეს და უფრო მკაცრი შეფასებები მიიღეს, რომ ისინი დემოკრატიის ხელყოფის შესაძლებლობას „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ. რატომ გვაქვს ასეთი მხარდაჭერა? ოპოზიცია ერთიანია და იმიტომ, ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული. ყველა ხვდება, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და დადგა დრო ერთპარტიული სისტემა დავანგრიოთ. სწორედ „ქართული ოცნებაა“ სახელი იმ გაჭირვების, უმუშევრობისა და უზარმაზარი პრობლემების, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რომან გოცირიძე ზალკანიანის ვიზიტზე:

“ასე დადიოდნენ უმრავლესობის წევრები პარტნიორ ქვეყნებში და უმტკიცებდნენ მათ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართო, მაგრამ „კაცი ბჭობდა, ივანიშვილი იცინოდაო”. მით უფრო დარწმუნდება ყველა, თუ ვისთან აქვთ საქმე. არცერთი მათგანი არ არის რაიმე გადაწყვეტილების მიმღები, ერთი არაფორმალური მმართველის მსახურები არიან. ივანიშვილმა ყველა გააბითურა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დავით ჭიჭინაძე ზალკანიანის ვიზიტზე:

„დღეს საქართველოს რეპუტაცია იმდენად შელახულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ, ისე მოიარა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, საქართველოში ორი საათიც კი არ შემოუვლია. როგორც ჩანს, იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის უფრო მეტ პერსპექტივას ხედავენ, ვიდრე საქართველოსთან, თორემ მათ ამის ინტერესი რომ ჰქონოდათ, ერთი ორსაათიანი ვიზიტი და სიტუაციაში გარკვევა პრობლემა არ იქნებოდა. არადა, ვაფრთხილებდი „ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ყოველი მათი ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ აშორებდა. ასე რომ, დღეს ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯობია ისევ აქ დარჩნენ და სახელმწიფოს ფული მაინც არ დახარჯონ. თანაც, ამ ლობისტებში და ტყუილა ფრენებში დახარჯულმა ფულმა მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას და ეს ფაქტია. თალაკვაძეს კი ვურჩევდი, ახალგაზრდა კაცია და თუ არ უნდა თავისი პოლიტიკური ცხოვრება „ოცნებასთან“ ერთად დაასრულოს, დაანებოს ისეთი სისულელეების ლაპარაკს თავი, რისაც თავადვე შერცხვება დაახლოებით ერთ წელიწადში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g