„ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია არის მორიგი გამოხატულება იმისა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მიხეილ სააკაშვილის ეგოს. ჩვენმა სახელმწიფომ ძალიან ბევრი წააგო ზუსტად იმით, რომ წლების განმავლობაში დადიოდა სხვების ეგოზე,“ – ამის შესახებ განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.
მისი თქმით, “სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანაში ასეთი დონის კრიზისი გვაქვს, „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა კამათობდნენ იმაზე, თუ ვინ წავა უკრაინაში”.
„ქართველმა ხალხმა შეძლო, უდიდესი წნეხის ქვეშ მოაქცია მმართველი პარტია, შეაცვლევინა გადაწყვეტილება და საბოლოოდ მივიდა გამარჯვებამდე. დელეგაცია შედგება და ისინი წავლენ უკრაინაში სამძიმარზე. იმის მაგივრად, რომ ნაციონალურ მოძრაობას ეზეიმა ეს გამარჯვება, ახლა ქართველ ხალხს მოუწევს შეეხვეწოს მათ. რას ნიშნავს ორი დელეგაცია წავა კიევში? ჩვენ არ გვაქვს ორი საქართველო. როდესაც ქვეყნის შიგნით არეულობაა, ეს მის ფარგლებს გარეთ არ უნდა გავიდეს. ჩვენმა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას კიევში ორი დელეგაციის ჩასვლა, მსგავსი ფაქტი არც ერთი ქვეყნის მხრიდან არ მომხდარა,“ – აცხადებს პარტია „ხალხისთვის ლიდერი.
ანა დოლიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გაიგონ, რომ ეს არის სახელმწიფო პოზიციის დაფიქსირება.
„ჩვენ მოგვწონს თუ არა, ერთი სახელმწიფო ვართ და ამას ყველა უნდა შეეგუოს. უკრაინისთვის მისამძიმრება უნდა მოხდეს ერთი სახელმწიფოს სახით.
დღეს ჩვენ, ყველა ერთად უნდა ვმსჯელობდეთ გვაქვს თუ არა სამოქალაქო თავდაცვა, მუშაობს თუ არა რეზერვი, გვაქვს თუ არა შესაბამისი წვრთნები, რამდენად სწორად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ა.შ.“ – აღნიშნავს ანა დოლიძე.