LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

255
სანდრო სულაბერიძე

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. ფაქტია გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი! მე განვაცხადე პოლიციაში“, – ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი, საგამოფენო განყოფილების უფროსი ალექსანდრა გაბუნია მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც გაბუნია სოციალურ ქსელში განმარტავს, სამართალდამცავი ორგანოს საქმის კურსში ჩაყენებას მას კანონი ავალდებულებს და „ხვალ, რომ ვინმემ ფიროსმანი გაიტანოს მუზეუმიდან, პირველი მას უნდა მოსთხოვონ პასუხი“.

ალექსანდრა გაბუნიას აზრით, „სანდრო სულაბერიძეს არავინ დაიჭერს, თუმცა დაუწესებენ ჯარიმას, რაც გაბუნიას თქმით, გამართლებული იქნება“. ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი ასევე წერს, რომ აღნიშნული ჯარიმა გამოფენის სპონსორმა უკვე გადაიხადა.

„საქართველოს ეროვნული გალერეა გახლავთ სახელმწიფო დაწესებულება, საიდანაც სურვილისამებრ ნამუშევრის ჩამოხსნა და გატანა მარტივად არ ხდება. გალერეა ემორჩილება გარკვეულ წესებს და არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ დავით კაკაბაძის, ქეთევან მაღალაშვილის, სიდამონ-ერისთავისა და სხვათა ნამუშევრებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მომიჯნავე დარბაზში ექსპონირებულ ფიროსმანზე, არამედ ყველა იმ ნამუშევარზე, რომელიც, თუნდაც დროებით, მის სივრცეში იფინება.

ასევეა კერძო გალერეის შემთხვევაში. ხელოვანებს და მით უმეტეს გალერისტებს არ უნდა სჭირდებოდეთ იმისი ახსნა, რომ საგამოფენო სივრცეში გამოფენილ ნამუშევარზე სწორედ სივრცის მენეჯმენტია პასუხისმგებელი, იმისგან დამოუკიდებლად, სივრცე კერძოა თუ სახელმწიფო.

არ შევდივარ პოლემიკაში იმის თაობაზე, რა სახელოვნებო მედიუმს ეკუთვნის სანდრო სულაბერიძის ქმედება, არ ვუკეთებ ინტერპრეტაციას მის მიერ კედელზე დატოვებულ წარწერის ხარისხს ან მართებულობას. არც იმაზე ვმსჯელობ, რამდენად ფასეულია მისი ნამუშევარი, რომელიც ჩამოხსნა და გალერეიდან გაიტანა.

კანონისთვის, რომელიც სხვა შემთხვევაში ყველას გინდათ მუშაობდეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. ფაქტია გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი! ამის შესახებ მე (სწორედ მე, რადგან ამას ითხოვს კანონი!) განვაცხადე პოლიციაში და ზედამხედველებთან ერთად დავიკითხე კიდეც. მომიტევეთ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე ჩემს მიერ აღებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გამო, ქუჩური “გაგებებით” ვერ ვიხელმძღვანელებ, რადგან ხვალ ვინმემ ფიროსმანი რომ გაიტანოს, პირველი მე მომთხოვთ პასუხს და მართალიც იქნებით.

სანდრო სულაბერიძის „პერფორმანსის“ გამო, გამომიცხადეს საყვედური. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელსაც სხვა პოზიციაზე გადაყვანა შესთავაზეს, საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა სამსახურიდან, რადგან ბოლომდე გააცნობიერა საკუთარი შეცდომა. ასეა თუ ისე, ამ „უცოდველი“ აქტის გამო, ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში, რომლის საგამოფენო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი და სადაც უკვე სრულად არის შევსებული 2023-2024 წლების საგამოფენო გრაფიკი.

მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩემს განცხადებაში მომხდარი ფაქტის შესახებ, მე არ ვითხოვ სანდრო სულაბერიძის დაჭერას, რადგან განაცხადების დაწერის მომენტში, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ვინ გაიტანა ნამუშევარი. აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს.

ასე, რომ, სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მაინც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად.

არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა“, – წერს ალექსანდრა გაბუნია.

ცნობისათვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ისჯება შინაპატიმრობით 1-დან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან ხუთ წლამდე.

 

საქართველოს ეროვნული გალერეა გახლავთ სახელმწიფო დაწესებულება, საიდანაც სურვილისებრ ნამუშევრის ჩამოხსნა და გატანა…

Posted by Alexandra Matsatso Gabunia on Saturday, 11 February 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g