პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა. თავად სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ის არ აპირებს დაასახელოს მიზეზი, თუ რატომ შეიწყალა მსჯავრდებული.
„რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა ეს იცის. შეწყალება უცებ გახდა სალაპარაკო პრობლემა, იმ დროს როცა ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება აქ ევროპაში, ევროპის შუაგულში დღეს, ეს მცდელობები, რომ აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე, კიდევ ერთი მაჩვენებელია, იმის მაგივრად რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე ყოველშემთხვევაში, რომელიც მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას. იგი ამჟამად ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.
შეგახსენებთ, ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მოგვიანებით „ბათუმელებმა“ დაწერა, რომ რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი, ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
რამაზ დევაძეს პოლიციელის მკვლელობისთვის 2015 წლის სექტემბერში 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. პრეზიდენტის შეწყალების შედეგად მან საპატიმრო 4 წელიწადში დატოვა.