გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა, მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს.
პროტესტის მიზეზი სკოლის გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა, შესაბამისად მოსწავლეებს სხვადასხვა სოფლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიარული უწევთ.
მოსწავლეების მშობლები სკოლის რეაბილიტაციის დასრულებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ არ აპირებენ, შვილები შეთავაზებულ ალტერნატიულ სივრცეებში გაუშვან:
„ალტერნატიული ფართები შემოთავაზებულია, მაგრამ ვინაიდან არ აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაშიც შესაძლებელია ბავშვმა სრულფასოვანი განათლება მიიღოს, ვითხოვთ ჩვენი სკოლის სარემონტო სამუშაოების განახლებას.
წინა შეხვედრაზე მოსულები იყვნენ ზემდგომი ორგანოების წარმომადგენლები, მაგრამ უკვე უნდობლობა გვაქვს მათ მიმართ, რადგან ერთი წლის განმავლობაში შეეძლოთ მიეღოთ რაიმე ზომა და სარემონტო სამუშაოები დაეწყოთ, ეს ერთგვარი პროტესტია, რომ მთავრობამ, განათლების სამინისტრომ ყურადღება მოგვაქციოს.
ვითხოვთ ჩვენი სოფლის სკოლას, სადაც 500-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და არ გვინდა ასე სოფელ სოფელ სიარული“, – აცხადებს მედიასთან ერთ-ერთი მშობელი და შეკრების ორგანიზატორი.
როგორც ცნობილია, სკოლის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში იყო დაგეგმილი და მშენებლობის დასრულების საბოლოო თარიღად 2022 წლის 24 ივლისი იყო განსაზღვრული.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, 2021 წლის 5 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა ექნება.
პროექტის თანახმად, სრულად რეაბილიტერდება შენობის შიდა სივრცე, ექსტერიერი და გარე პერიმეტრი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალიანსი” , ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 4′ 386′ 748 ლარად ასრულებს.
მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფელ ნორიოში, გამარჯვებაში, კუმისსა და ჯანდარში საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროტესტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილიც.
აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის ალტერნატივის შეთავაზებას, როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაძლებელია თუ არა სხვა სოფლის სკოლებში გადანაწილებული მოსწავლეებისათვის ტრანსპორტით უზრუნველყოფა – ამ საკითხების გასარკვევად „ფორტუნა“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.