7 თებერვალს, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის უჩვეულო დისტანციით წარმართული შეხვედრა მსოფლიოს დღემდე “მოსვენებას არ აძლევს”.
შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.
მოლაპარაკების მაგიდასთან ვლადიმერ პუტინსა და იმანუელ მაკრონს შორის დარჩენილ 4 მეტრს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა – სახალისო, იუმორნარევი კომენტარებით თუ პოლიტიკური შეფასებებით სავსე.
ერთ-ერთ აქამდე უცნობ ვერსიაზე კი გავლენიანი Reuters-ი დღეს წყაროზე დაყრდნობით წერს:
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა, მისთვის კოვიდტესტი რუს ექიმებს გაეკეთებინათ, წყაროს ცნობით, უარის მიზეზი რუსეთის მიერ მაკრონის დნმ-ის ხელში ჩაგდების შიში იყო.
მედიასაშუალებასთან მაკრონის გარემოცვიდან ორი წყარო ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა კრემლის თხოვნაზე, რუსული კოვიდტესტი გაეკეთებინა.
იმ შემთხვევაში, თუ მაკრონი მოთხოვნაზე უარს იტყოდა, მაშინ პრეზიდენტს რუს კოლეგასთან დისტანცია უნდა დაეცვა.
წყარო აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ისინი ინფორმირებულები იყვნენ და რადგან არ შეეძლოთ, პრეზიდენტის დნმ მათ ხელში ჩაეგდოთ, დასთანხმდნენ შეხვედრას დისტანციითა და ლიდერების ხელის ჩამორთმევის გარეშე:
“კარგად ვიცოდით, რომ თუ რუსულ ტესტს არ გაიკეთებდა, შეხვედრა დისტანციით და ხელის ჩამორთმევის გარეშე აივლიდა. მაგრამ არ შეგვეძლო დავთანხმებოდით ამ მოთხოვნას და პრეზიდენტის დნმ მათ ხელში ჩაგვეგდო”.
მაკრონის გარემოცვის მეორე წყარომაც დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა რუსული პისიარ-ტესტის ჩატარებაზე. წყაროს ინფორმაციით, სანაცვლოდ მაკრონმა გამგზავრებამდე ფრანგული პისიარ-ტესტი გაიკეთა, რუსეთში ჩასვლის შემდეგ კი თავისმა ექიმმა მას ანტიგენის ტესტიც გაუკეთა.
შეგახსენებთ, ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს 7 თებერვალს რუსეთში შეხვდა. შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს, მაგიდასთან 4-მეტრიანი დისტანციით გაგრძელდა.