„არა რუსულ კანონს“, „მაინც ვერ გაგვაჩუმებთ“, „არა პუტინიზაციას“ – ამ შინაარსის პლაკატებით მივიდნენ ჟურნალისტები პარლამენტში, ბიუროს დარბაზთან პროტესტის ნიშნად.
ბიუროს სხდომაზე დღეს „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს.
ჟურნალისტების თქმით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება.
მათი თქმით, ეს ნიშნავს კრემლის მიდგომის დაკოპირებას ქართულ რეალობაში.
სავარაუდოდ, საკითხი მიმდინარე კვირაში სესიაზე განხილვისთვის არ გავა. საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო პოზიციის უახლოეს 2 კვირაში დაფიქსირებას აპირებს.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.