ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ხაბეიშვილი განმარტავს, რომ თავმჯდომარეების ცვლილება პარტიის სისუსტეზე არ მეტყველებს.
„არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს. მოვუწოდებ ყველა ლიდერს და ენმ-სთან დაკავშირებულ ადამიანს – მე ვარ მომხრე განახლების და მომხრე ვარ ცვლილებების. პარტიის თავმჯდომარეები მიდიან, პარტიის თავმჯდომარეები მოდიან, ამაში არც ტრაგიკულია რამე და არც არანორმალური და არც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს“- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადახალისება და პარტიის ახალ თავმჯდომარეს ამომრჩევლის ლეგიტიმაცია სჭირდება“.
„ამ პარტიას სჭირდება გადახალისება, თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან და მეტიც, ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს ამომრჩეველს. ყველანაირი დაპირისპირება და გაუგებრობა ჩემთვის არის მიუღებელი. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ გასაძლიერებლად და უნდა უზრუნველვყოთ ისეთ პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს და დაამარცხებს რუს ოლიგარქს. პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების 80% ემხრობა თავმჯდომარის არჩევნებს და ცვლილებებს. ჩვენი საკრებულოს წევრების, მათ შორის დედაქალაქის და რაიონების, უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს. ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.