საქართველოში აშშ-ის ელჩი ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ში გასტროლებით მიმავალ ანსამბლ „მართვეს“ წევრებს ვიზები არ მისცეს.
კელი დეგნანის განცხადებით, „თუკი ადამიანები წესებს დაიცავენ, ისინი ვიზებს მიიღებენ:
„ყოველ წელს ათასობით ქართველს ვიღებთ აშშ-ში, მათ შორის კულტურული და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რომელიც საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ თვეს, ბალეტის 30 მოცეკვავეს მიეცა ვიზა აშშ-ში გასამგზავრებლად.
ასევე, გასულ კვირას ვიზა მიიღეს ქართველმა მომღერლებმა და მოცეკვავეებმა, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ში, რომ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში კონგრესის ბიბლიოთეკაში.
ვიზის მიღების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ და ასევე ვიძლევით რეკომენდაციებს, როგორ არის შესაძლებელი ვიზების მიღება. თუკი ადამიანები ამ წესებს დაიცავენ, ისინი მიიღებენ ვიზებს, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, ეს ფაქტია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისათვის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 17 მაისს განაცხადა, რომ ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა აშშ-ში, ვიზაზე მოთხოვნა შეიტანეს, თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, მთელი ანსამბლი საქართველოში დატოვეს. კობახიძის თქმით, „ამერიკის ელჩმა ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს“.