“როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტების ფარგლებში, ასტრაზენეკასა და ფაიზერს შორის.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ფაიზერის ვაქცინას ქვეყანა ამ კვირის ბოლომდე ელოდება, აპრილის ბოლოსკენ კი ელოდებიან იმ დამატებით დოზებსაც, რაც კოვაქსპლატფორმით არის განსაზღვრული.
როგორც გაბუნიამ განმარტა, ვაქცინაციის პროგრამა 25 მარტიდან 65 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის გაფართოვდება:
“ვაქცინაციის პროგრამა 25 მარტიდან გაფართოვდება 65 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რაზეც გუშინ იმსჯელა უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭომ და ეს გადაწყვეტილება დღესაც იქნა მხარდაჭერილი. პროცესი დაიწყება 25 მარტიდანვე, ანუ 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს შეუძლიათ, რეგისტრაციაც – ჩაეწერონ და მივიდნენ ვაქცინაციაზე, თუკი ამის შესაძლებლობა 25 მარტსვე იქნება.” – თქვა გაბუნიამ.
მან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასების დროს აღნიშნა, რომ 3 000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული იმ შემთხვევისთვის, თუ გახდება მათი გამოყენება აუცილებელი, იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემის პასუხი იყოს დაუყოვნებელი.
თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით აცრილია 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საინფორმაციო კამპანიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს პროცესი ნელა იკრებს ძალას:
“ჩვენ საინფორმაციო კამპანია პრაქტიკულად დავიწყეთ მას შემდეგ, რაც, რეალურად, ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა. ამის განმარტება გახლდათ ის, რომ ვაქცინაციისთვის პირველი ჯგუფი იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც რეალურად, აქვს საკმაოდ ღრმა ცოდნა ვაქცინაციის პროცესის სარგებლის შესახებ.
როდესაც ვსაუბრობთ ასაკოვანი ჯგუფების ჩართვაზე და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოვებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მეტად აქტიური.” – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.
პირველ ეტაპზე იცრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. 25 მარტიდან კი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრებიან 65 წელს ზემოთ მყოფი პირები.