LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილი გირჩევთ, რა უნდა ჩაიცვათ ახალი წლის ღამეს და რა იქნება ტრენდული 2022 წელს

4886
cqvitinidze

ავთანდილის რჩეული ფერი შავია და დაემთხვა, რომ 2022 წელიც შავი, ლურჯი ვეფხვის წელიწადია. ცნობილი დიზაინერი „ფორტუნას“ მკითხველს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს, როგორც საახალწლო ჩაცმულობის, ასევე დეკორის მიმართულებით…

გაგვაცანი შენი, როგორც დიზაინერის ხედვა საახალწლო დეკორთან დაკავშირებით…

ავთანდილი:

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სუფრა, რომელსაც ოჯახის წევრები ვუსხედვართ, შესაბამისად, ყოველთვის ვერევი დიზაინში. აუცილებლად დაცულია კომპოზიცია და ყოველ წელს იცვლება. მუდმივად ერთი და იგივე ჭურჭელი და მორთულობა არ გვაქვს. მთლიანი კონცეფცია წელს, ვფიქრობ, დაუკავშირდება ვერცხლისფერს, ხოლო თეფშები ლურჯსა და შავში წარმომიდგენია. სიმართლეს ვიტყვი, ასტროლოგიით ზედმეტად აჟიტირებული არ ვარ, მაგრამ მაინც ვითვალისწინებ სუფრის გაწყობისას. ამხელა ინფორმაციული ზეწოლა, როგორც ჩანს, გონებაზეც მოქმედებს (იღიმის). რა თქმა უნდა, ვერცხლისფერს არ ჩავიცვამ და ლურჯიც არ მიხდება, მაგრამ სუფრაზე გამოვიყენებ რეკომენდაციებს. სუფრას გავაწყობ მარგალიტის მძივებითა და სანთლებით, რომლებიც სპეციალურად გამოვიწერეთ რამდენიმე ფერში, – ლურჯი, ვერცხლისფერი და შავი ზოლებით. გასაფორმებლად ყვავილები ახალ წელს არ მიყვარს. ბევრი ფერი ზოგადად გაზაფხულსა და ზაფხულს უხდება ძალიან. სეზონური ამოვარდნა არ მომწონს.

სახლში ნაძვის ხე უკვე მოვრთეთ და ვეცხლისფერი სათამაშოები გამოვიყენეთ. ზოგადად, მიყვარს ერთ ან ორ ფერზე აქცენტის გაკეთება. ყველა ფერს არ ვიყენებ არც ნაძვის ხეზე და არც სუფრაზე.

რაც შეეხება საახალწლო მენიუს, აქაც ვითვალისწინებთ, რომ კომპოზიცია არ აირიოს, ვიზუალს აზრი ეკარგება და თეფშებს ერთმანეთზე არასდროს დავალაგებთ. მე ხორცისტი ვარ, ხათუნა ვეგეტარიანელია, ტუსაც არ მიირთმევს დიდი დოზით ხორცს. მენიუს ვარჩევთ ასევე იმის მიხედვითაც, რომ ბევრი საკვები არ დარჩეს. მაცივარში შენახულ კერძებს მეორე დღეს აღარ ვჭამთ, ოჯახის არც ერთ წევრს არ გვიყვარს.

სახლში ნაძვის ხის გარდა რას რთავ?

განათებებით მთლიანი კედლების მორთვა ძალიან ეფექტურია. ეზოში დიდ განათებულ ანგელოზებს ვდგამთ ხოლმე. გასავლელ ადგილს ვტოვებთ, რა თქმა უნდა (იცინის). უფრო მეტად ლურჯისკენ წასული განათება მომწონს.

წითელი ფერი გიყვარს და არ გიხსენებია…

სხვათა შორის, მაღაზიების გასაფორმებლად გამოვიყენეთ წითელი ფერის ბურთები. ასევე გავაკეთეთ ახალი მაკნატუნა, სადაც არის წითელიც, ყვითელიც, ლურჯიც, თეთრიც და ვერცხლისფერიც.

აღნიშნე, რომ საახალწლოდ ლურჯს არ ჩაიცვამ. როგორია შენი რჩევები 31 დეკემბრის ჩაცმულობასთან დაკავშირებით?

ჩემთვის ყველა დღესასწაულზე შავი ფერი იდეალურთან ასოცირდება და წელსაც აქტუალურია. იმასაც გააჩნია, სად ვხვდებით ახალ წელს. ქალაქგარეთ, რესტორანში თუ სახლში. ყველაფერს თავისი კონცეფცია აქვს. სახლურ თემას არღვევს ზედმეტად გამოპრანჭვა. ძალიან მომწონს სპორტული ორეულები, რა თქმა უნდა, გლამურული და ფეშენ განხრით. სხვათა შორის, ახლახან გავაკეთე საახალწლო კოლექცია, მოსახერხებელი, თბილი, გემრიელი, კარგად გამოსაყენებელი, კარგადაც იცეკვებ, კარგად გამოიყურები, ოღონდ არა ისე, თითქოს სავარჯიშოდ მიდიხარ. ღია ნაცრისფერი, თეთრი, შავი – ეს ფერები გამოვიყენე და დიდი დოზითაა საახალწლო სათამაშო მაკნატუნა, რომელიც ამ ლიმიტირებული კოლექციისთვის შეიქმნა.

თუკი რესტორანში ვაპირებთ ახალი წლის გატარებას?

რამენაირად უნდა მოხდეს, რომ ქალებმა დაიწყონ გამოყვანილი კაბების ჩაცმა. ოვერსაიზის ტენდენციას კრიტიკა არ ეხება. ძალიან მომენატრა ქალბატონები ტანზე მორგებული სამოსით, რომელთაც ეტყობათ, რომ ქალბატონები არიან (იცინის).

რასაკვირველია, ყველა თავისას ირჩევს, თავისი გემოვნების, სულის გამოძახილით და ეს ძალიან კარგია. კიდევ, აქცევენ ყურადღებას ტრენდებს. მივესალმები, რომ საკუთარი სხეულის, სილუეტის მიღების და ტანსაცმლის არჩევის დიდი პროპაგანდა მიდის. დღეს არავინ დაგცინებს, რომ წლევანდელი ტრენდიდან ამოვარდნილი ხარ. გადაფასებები მოხდა – წამოვიდა პერსონების პერიოდი, ადამიანებისა, რომლებიც ინდივიდები არიან და როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ არსებულ ტენდენციას. ვერავის გააკრიტიკებ, ადეკვატურად აცვია თუ არა. მეორე მხრივ, ზოგჯერ ქალს რომ კომპლიმენტს ეუბნები, გეშინია, არ გიჩივლოს ძალადობაზე (იცინის).

დღეს ხუმრობის ხასიათზე ხარ განსაკუთრებულად…

როდის არ ვარ?!. გოგონას მეორე გოგონა თუ ეტყვის, მომატებული ხარო, პასუხი გამზადებული აქვს, ჩემი თავი ასეთად მყავს მიღებულიო. მე არ ვემხრობი სხეულის იმ ფაზაში მიყვანას, როდესაც ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. თუ გული ვერ მუშაობს, ვერ სუნთქავ და ამით ცხოვრებას იმოკლებ, რა თქმა უნდა, არასასურველია, თორემ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს…

ასევე ბევრი გოგონა ვიცი, ვინც ვარჯიშობს, ჯანსაღად იკვებება. თუ ეს სხეული სამოსით არ ჩანს, მგონია, რომ მოდის მხრიდან აქ ქალის უფლებები ირღვევა (იღიმის).

მინი ქვედაბოლოზე რას ფიქრობ?

გააჩნია, როგორი ტიპისაა და რასთან ვიცვამთ, როგორი ფეხები გვაქვს. რანაირი ფეხებიც არ უნდა ჰქონდეს ქალს, როგორ ირგებს მინის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტანზე ძალიან გამოყვანილი კაბა შეიძლება იყოს, ძალიან მიმზიდველიც და ძალიან ვულგარულიც, ისევე, როგორც მინი ქვედაბოლო.

რაღა უნდა თქვან მოდის მიმდევარმა გოგონებმა, როცა მომავალი წლიდან ზედა ტანსაცმელი ძალიან დამოკლდება, ქვედა სამოსი კი მენჯზე ჩავა. მთლიანი ტორსის დემონსტრირება მოუწევთ მოდურ გოგონებს. აქ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სხეული, ან ვიმუშაოთ „კუბიკებზე“. გამოყვანილი კაბებიც იმდენი ხვრელითაა… აქამდე დიზაინერები შეფუთულ სამოსს გვთავაზობდნენ, ჩემი ჩათვლით და ეს გრძელვადიანი ტრენდი გამოდგა, მაგრამ ახლა ყველაფერი იცვლება.

რაც შეეხება 2022 წლის ფერთა გამას…

მკვეთრი მჭახე ფერები აქტუალური არ იქნება. გემრიელი, კარგი მწვანე – კი ბატონო, მაგრამ ტენდენციური ასევე იქნება უფრო ბეჟი, ნაცრისფერი, შავი, ცისფერი…

შენი ბრენდის გეგმები გაგვიზიარე…

საერთაშორისო ბაიერებმა პანდემიის პირობებშიც არ თქვეს ჩვენს ბრენდზე უარი. მთელ მსოფლიოში ზოგადად დადგა პერიოდი, როცა გრძელვადიანი გეგმების დასახვა სასაცილოა. არ ვიცით, რა სიურპრიზები გველის სამყაროსგან დაავადებებისგან გამოწვეული გართულებების გამო. ერთ-ერთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი სფერო. ადამიანები ემოციების „შეძენას“ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ჩემი ბრენდი კი ყოველთვის ამაზე იყო ორიენტირებული. პანდემიის პერიოდი, საბედნიეროდ, არ შემეხო. როცა დავრჩით ქართულ რეალობაში, ქართველი მყიდველების ხარჯზე, ბრენდი ყოველგვარ კრიზისს გადაურჩა. ჩემი 25-წლიანი კარიერა ნამდვილად ღირდა იმ სიყვარულად, რაც დამიბრუნდა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g