LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტორებს უნდა მოგცეთ ყველანაირი მექანიზმი თქვენი ინტერესების დაცვისთვის“ – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

181
Untitled design

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ბაია კვიციანია, რომელმაც პროექტის შესახებ ისაუბრა:

„გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და ანგარიშვალდებულება – ამ სამ პრინციპზე ავაგეთ ეს კანონპროექტი“, – აცხადებს ბაია კვიციანი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან.

მომხსენებლის განმარტებითვე, კანონპროექტის მიღების შედეგად, გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები.

კანონპროექტის მიხედვით, დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რაც ხელს შეუწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებათა ეფექტურ და ეფექტიან განხორციელებას ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში.

ბაია კვიციანის თქმით, „ცვლილებათა პაკეტი, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით მომზადდა“.

„პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, კოლექტიური მართვის ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობისთვის კანონპროექტში ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმები გაიწერა.

„ამ საკითხის მიმართ ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა. ავტორებს უნდა მოგცეთ ყველანაირი მექანიზმი თქვენი ინტერესების დაცვისთვის“, – მიმართა ირაკლი მეზურნიშვილმა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g