სუიციდის 17 შემთხვევა ბოლო 4 თვეში, ყველაზე უმცროსი 14 წლის იყო, მიზეზი – აზარტული თამაშებია – ამ კვლევას ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ აქვეყნებს. სამოქალაქო მოძრაობაში ამბობენ, რომ მხოლოდ გლდანის ციხეში 856 ლუდომანია, რომელიც სასჯელს ძარცვის, ქურდობისა და ყაჩაღობისთვის იხდის.

თემა, რომელზეც ყველა საუბრობს, მაგრამ გამოსავალი ცოტამ თუ იცის. რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, მოეძებნა ყველა შესაძლო გზა, კომპლექსურად თუ ცალ-ცალკე, რაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვს შეამცირებდა და არასრულწლოვნებს თამაშის დაწყებისკენ არ უბიძგებდა.

რას ფიქრობენ დედები, რომლებსაც სურთ შვილები აზარტული თამაშებისგან დაიცვან, რა გამოსავალს ხედავენ ეკონომისტები და პოლიტიკოსები და ყველაზე მნიშვნელოვანი – რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავად იყვნენ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები

გამოსავალი ჩვენ მათთან ერთად ვიპოვეთ

პირველ რიგში თამარ ჯაფარიძეს დავუკავშირდით, რომელიც ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” დამფუძნებელია. მან გვითხრა, რომ პირველ რიგში ყველა ტიპის რეკლამა უნდა იკრძალოს და მასთან ერთად, მნიშვნელოვანია ონლაინთამაშების დაბლოკვა.

 

რეკლამაზე შეზღუდვა არის სისულელე. ის უნდა იყოს აკრძალული. დამოკიდებულების გამომწვევი რეკლამა არის მიუღებელი. ინტერნეტ-თამაშებს რაც შეეხება, დედების მოთხოვნა არის აკრძალვა. თუ ევროპის ქვეყნებმა შეძლეს და ონლაინთამაში ჩახსნეს, მაგალითად გერმანიამ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია. ჩვენ ვითხოვთ, როცა ადამიანი დაიწყებს თამაშს, ნებისმიერ საიტზე მისი იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, ბიომეტრიული მონაცემები უნდა ამოაგდოს, რომ მოთამაშეა არა 14 წლის ბავშვი, არამედ – სხვა, ზრდასრული ადამიანი.

რაც შეეხება კაზინოების გადატანას, ჩვენ არ ვეხებით სასტუმროებს, ჰქონდეთ თავისი გასართობი ცენტრები, მაგრამ იქ ვერ შევა მაგალითად, „გეპეის“ სტუდენტი“, – აცხადებს ჯაფარიძე.

“ფორტუნას” კითხვაზე, თუ არ არის „გეპეის“ სტუნდენტი, უკვე სამსახურიც აქვს, შემოსავალიც, ის ხომ მაინც შევა და ითამაშებს, თამარ ჯაფარიძემ გვიპასუხა:

– ჩვენ კანონპროექტში გვიდევს ასეთი რამ – თუ პიროვნებას აქვს სურვილი, რომ თამაში დაიწყოს, ის შემოსავლების სამსახურში უნდა დარეგისტრირდეს, რომ არის ზრდასრული, 25 წლის ზემოთ და დაიწყოს მერე თამაში. ეს ნიშნავს, რომ ის მოთამაშეთა ერთიან ბაზაში იქნება. ყველა უწყებას, საჯაროს და კერძოს დაევალება, რომ სამსახურში აყვანამდე, მოითხოვოს ცნობა, არის თუ არა ეს პიროვნება აზარტული თამაშების სიაში, შედეგად, მას არ მიიღებენ სამსახურში და ყველგან დაბლოკილი იქნება“.

– ასეთი შეზღუდვებით, აკრძალვებით და სამსახურში არმიღებით მისთვის უარესს ხომ არ ვაკეთებთ, თუ არც სამსახური აქვს, არც ფული, მით უმეტეს შეიძლება, წავიდეს, ითამაშოს, ვერ მოიგოს და სუიციდამდეც კი მივიდეს?..

– ჩემი მოსაზრება ასეთია. როცა ქვეყანაში ასეთი სერიოზული პრობლემაა, ქვეყანამ უნდა დაიწყოს პრევენციაზე ფიქრი. თუ ქვეყანაში ცნობიერება ამაღლდება, სარეკლამო რგოლები იქნება იმაზე, რომ ასეთ ადამიანებს მხარს ვუჭერთ და ა.შ. სასკოლო პერიოდიდან უნდა დაიწყოს პრევენცია, მაგრამ ახლა განათლებას სად სცალია ამისთვის. ტრენინგი მოდულები უნდა იყოს ნებისმიერი მავნე ადიქციაზე დამოკიდებულების შესახებ. ასევე აუცილებელია სარეაბილიტაციო ცენტრები.

– ხომ არ მივყავართ აკრძალვებს ფული „ხელზე გამაზვამდე“. ჩვენ ვესაუბრეთ თამაშდამოკიდებულებს და გვითხრეს, რომ მას თუ თამაში უნდა, სახლში ითამაშებს პოკერს და ყველაფერი იატაკქვეშა ბიზნესად იქცვევა.

– ჩემ დროსაც იყო მოთამაშეთა კლუბები, ვახუშტის ხიდზე ჩამოკიდებული ახალგაზრდები. მაგრამ უბნის ინსპექტორები უნდა დაემატოს და უნდა ჩაერთოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მას ევალება დიდი როლი ამ საქმეში.
100-დან 60 მაინც ხომ გადარჩება და ვისაც სიკვდილი უნდა, ის მაინც გადახტება ხიდიდან.

რადიო „ფორტუნა“ იმ ადამიანებს ესაუბრა, ვინც ადრე აზარტულ თამაშებზე იყვნენ დამოკიდებულები, თუმცა მათივე თხოვნით, იდენტიფიცირებას არ ვახდენთ. ისინი ამბობენ, რომ რეკლამის აკრძალვა ან შეზღუდვა მაინც აუცილებელია. რაც შეეხება ონლაინთამაშების აკრძალვას, ყოფილი მოთამაშეები მიიჩნევენ, რომ ამას აზრი არ აქვს, რადგან თამაშის მსურველები ამას სახლის პირობებშიც მოახერხებენ.

აკრძალვებსა და რეგულაციებში გამოსავალს ვერ ხედავს ზურაბ ჯაფარიძე. „გირჩის“ ლიდერმა გვითხრა, რომ აქ მთავარი პრინციპი ისაა, რომ ვკრძალავთ საფრთხის შემცველ რაღაცას და ასე თუ გავყვებით, ბევრი შოკოლადი ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ავკრძალოთ.

საქმე ისაა, რომ ახალგაზრდები დიდ როლს ატარებენ ინტერნეტში, თუმცა ონლაინთამაშების აკრძალვა არ იმუშავებს. საკმარისია, ერთხელ ადამიანი მსგავს საიტზე იყო შესული, მერე სისტემა ავტომატურად ყველგან ამოგიგდებს. ამის რეგულირება შეუძლებელია. ქართული ონლაინკაზინოები რომ სულ დაბლოკო, ინგლისურენოვანზე გადავლენ. ამისთვის საკმარისია ზრდასრული ადამინი იპოვო, ვისაც ბარათი აქვს, რომ თანხა ჩაირიცხოს“, – აცხადებს ჯაფარიძე.

„გირჩის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ფუნდამენტური პრობლემა სულ სხვაგანაა.

ქართველებს გენეტიკური დეფექტი კი არ გვაქვს და ამიტომ კი არ გვიზიდავს აზარტული თამაშები, აქ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანები ეტანებიან სწრაფი გამდიდრების გზებს.

იქნება ეს კაზინო, თუ ტოტალიზატორი. ღარიბ ქვეყნებში ძირითადად ტოტალიზატორებში ან ხელზე თამაშობენ. ახალგაზრდები იმის გამო, რომ სხვა რაღაცით ვერ არიან დაკავებულები და თან სწრაფი გამდიდრების სხვა გზა არ არსებობს, მიდიან და თამაშობენ. აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს.

გამოსავალი ისაა, რომ ეკონომიკა განვითარდეს და ახალგაზრდა სკოლას რომ ამთავრებს, თავის ცხოვრებაზე წარმოდგენა ჰქონდეს, სად მიდის, რა უნდა და გზებს უნდა ხედავდეს, რომელსაც ინტერესით გაჰყვება. ჩვენთან ეს პერპექტივა არაა.

რა უნდა აკეთოს, ეზოში სხედან და მოდი, წამო ვითამაშოთ, იქნებ ფული მოვიგოთ“, – ამბობს ჯაფარიძე.

რაც შეეხება იდეას, რომ საჯარო და კერძო სექტორმა მოითხოვოს ცნობა, არის თუ არა ის აზარტულ მოთამაშეთა სიაში, „გირჩის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ეს კიდევ უფრო უარეს შედეგამდე მივა.

„ჯერ ერთი, კერძოში ვის ეკითხება, ვის ავიყვან, მეორეც – როცა ადამიანს პრობლემა აქვს, გაჭირვებაში არიან, კიდევ წიხლი უნდა ჩავარტყათ და სამსახურში არ ავიყვანოთ, მერე შემოსავალიც აღარ ჰქონდეს, წავიდეს და თავი მოიკლას?

ყველამ თავის თავს მიხედოს – ეს იქნება სწორი და მშობლებამ იზრუნონ თავიანთ შვილებზე“, – აცხადებს ჯაფარიძე.

“ხმა უნდა ამოვიღოთ …სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება” – გიორგი კეკელიძე

რადიო „ფორტუნა“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენეთა ასოციაციასაც დაუკავშირდა, რომლის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ რეკლამის აკრძალვა თუ არა შეზღუდვა მაინც აუცილებელია.

„თუ აკრძალვა არ მოხდება, მაშინ აუცილებელია მაქსიმალური შეზღუდვა, რომ არ იყოს ასე ყველგან ბანერები, არ მოხდეს წახალისება. ამ ყველაფერს დღეს ისეთი სახე აქვს, თითქოს თამაშები პოპულარული გახდა და ეს ერთგვარი ტრენდია. მუდმივი კამპანიაა კომპანიების მხრიდან რომ ეს პრობლემა კი არაა, თითქოს ტრენდად იქცა.

რაც შეეხება ონლაინთამაშებზე წვდომას, ფორმალური მოთხოვნაა პირადობა, იმიტომ რომ არასრულწლოვანს შეუძლია სხვისი პირადობით დარეგისტრირდეს. ონლაინსივრცე თავის ნებაზეა მიშვებული. ეს რეგულირებული უნდა იყოს. რეალური პირადობის საფუძველზე უნდა იყოს შესაძლებელი რეგისტრაცია და რეესტრის ან სხვა სამსახურის მეშვეობით უნდა გადამოწმდეს“, – აცხადებს კაპანაძე.

ის მიიჩნევს, რომ 100%-ით ყველაფრის გამორიცხვა შეუძლებელია.

„მაშინ უნდა საერთოდ ყველა თამაში უნდა ავკრძალოთ, მაგრამ ნებისმიერი მეტყვის, რომ ეს უკვე სხვა სივრცეში გადაინაცვლებს. ერთადერთი – დღეს როგორცაა თავის ნებაზე მიშვებული, რომ თითქოს კომფორტულ პირობებს ვუქმნით თამაშზე დამოკიდებულებს, ეს არ უნდა იყოს. რეგულაციები აუცილებლად შეამცირებს მათ რაოდენობას“, – ამბობს ეკონომისტი.

ის მიიჩნევს, რომ როცა აზარტულ თამაშებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანი დეტალია ქვეყანაში სიღარიბის პრობლემა.

ამ საკითხს, ჩვენთან საუბარში, ყოფილმა მოთამაშეებმაც გაუსვეს ხაზი. მათი ნაწილი ამბობს, რომ თამაში ფულის სწრაფად მიღების მიზნით დაიწყეს, რაც პირდაპირ კავშირში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან.

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები