LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა არა შიდა დაპირისპირება: “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ განახლებასთან დაკავშირებით საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება

79
FORTUNA.GE- (3)

“შიდა დაპირისპირება არ არის, ეს არის მთავრობის პროპაგანდა. ადგილი აქვს დისკუსიას, როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ მუშაობა ამ პოლიტიკურად რთულ მომენტში. არაფერი ამის მიღმა არ ხდება”, – პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ხოლო როცა მიიღებენ, ის შეიძლება ნებისმიერს შეეხოს.

ბოკერია ცოტა ხნის წინ მივიდა პარტიის ოფისში, სადაც დღეს “ევროპული საქართველოს” წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი განცხადებით, პარტიის შიგნით დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს და ის ეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს:

“პარტიის შიგნით დისკუსიის პროცესი კარგა ხანია დაიწყო. ეს დისკუსია გაგრძელდება და ყველა ტიპის საკითხზე, მათ შორის ვინმეს პერსონალურ ან გუნდურ გადაწყვეტილებებზე ერთად მოგახსენებთ. შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, ეს არის მთავრობის პროპაგანდა, ადგილი აქვს დისკუსიას, როგორ უნდა გააგრძელოს ამ პოლიტიკურად რთულ მომენტში, პარტიამ მუშაობა. არაფერი ამის მიღმა არ ხდება. შესაძლოა, დღესვე იყოს რაიმე სახის გადაწყვეტილება ან დაგვჭირდეს მეტი დრო, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.” – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ დისკუსია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მიმდინარეობს, იქნება ეს სტრატეგია, ტაქტიკა, სტრუქტურული თუ ვინმეს პერსონალური ან გუნდური გადაწყვეტილებები. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა ნებისმიერს შეეხოს.

“ევროპული საქართველოს” ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს: ცვლილებების შესახებ განცხადებას დავით ბაქრაძე გააკეთებს

განცხადებები გააკეთეს პარტიის სხვა წევრებმაც:

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საჭიროა პერსონალური გადაწყვეტილებების მიღება განახლებასთან დაკავშირებით:

“ყველა ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, რა ტიპის ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში. ცვლილებები აუცილებელია, მათ შორის ცვლილებები უნდა მოიცავდეს განახლებას. საჭიროა პერსონალური გადაწყვეტილებების მიღება განახლებასთან დაკავშირებით. ყველაფერს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ.” – აღნიშნა ბაქრაძემ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ გუნდს ცვლილებები, განახლება, წინ გახედვა და ახალი პარტნიორების ძებნა სჭირდება:

“კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება ძალიან მალე მიღებული და ძალიან მალე გაგაცნობთ. ახლა მიმდინარეობს დისკუსია და არანაირი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ეს ყველაფერი ხდება აბსოლუტურად მშვიდად, როგორც ეს ხდება ნორმალურ, ცივილიზებულ გარემოში.” – თქვა კაპანაძემ.

გიგი წერეთელმა კი აღნიშნა, რომ დღეს იქნება სერიოზული ანალიზი არა მხოლოდ იმაზე, რა უნდა შეიცვალოს ამ წუთისთვის, არამედ იმაზე, თუ რა უნდა იყოს მომავალშიც:

“ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები, საკმაოდ სერიოზული მსჯელობა მიდის და უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში დავასრულებთ საბოლოოდ და გამოვაცხადებთ, რისი ინტერესიც აქვს საზოგადოებას. გადაწყვეტილებებზე ისაუბრებენ პარტიის ლიდერები, იმის შესახებ, რაც იქნება. მე არა მაქვს იმის მოლოდინი, რომ ვინმე პარტიის დატოვებას აპირებს, მაგრამ ის, რომ ლიდერებისა და ხელმძღვანელობის ფუნქციების ცვლილებები შეიძლება იყოს, ამაზე ბუნებრივია, ჩვენ ვმსჯელობთ. პარტიაში, თუ დავარქმევთ იმას, რომ აზრთა სხვადასხვაობაა, აზრთა დაპირისპირება არის, მაგრამ პიროვნული დაპირისპირებები მნიშვნელოვანი, ხელშესახები ისეთი, რომ მედიისთვის საინტერესო იყოს, ნამდვილად არ არის.” – თქვა წერეთელმა.

პოპულალურები