„ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, 4 ადამიანის ცხედარია ნანახი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება“ – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მომხდარ სტიქიაზე საუბრის დროს განაცხადა.
თემურ მღებრიშვილის თქმით, სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული:
„ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი. დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ცნობისათვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.