ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. მაშველები 6 ადამიანს ეძებენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მოწყდა ძალიან დიდი მიწის მასა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა:
„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი ცოცხალია, სამწუხაროდ, სამი ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ და დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ამ ლოკაციაზე იმუშაოს, ცოცხალი ძალა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს“, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.
ცნობისათვის, სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.