“მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია.” – ამის შესახებ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა საუბრის დროს, ხაზი გაუსვეს თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მნიშვნელობას, რომლის მემორანდუმსაც გუშინ მოეწერა ხელი. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
“მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის.” – თქვა კახა კალაძემ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში კახა კალაძის პირადი წვლილი აღნიშნა:
“მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის.” – თქვა ილჰამ ალიევმა.
თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.